Logo

გიორგი თავდგირიძე - არავინ დათმობს ევროპის უსაფრთხოებას ტრამპის ნობელის პრემიისთვის 

ინტერვიუ
327
Frontnews image description

დიპლომატიური სცენა, სადაც მსოფლიოს ყურადღება აშშ-სა და რუსეთის ლიდერების შეხვედრისკენ იყო მიმართული, მართლაც მრავლისმეტყველი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა შეხვედრა "პროდუქტიულად" შეაფასეს, რეალური ზავის მიღწევა ვერ მოხერხდა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ამგვარი "დიპლომატიური სანახაობა", განსაკუთრებით კი რუსეთის პრეზიდენტის "წითელი ხალიჩით" დახვედრა ამერიკის ტერიტორიაზე, დასავლელი ანალიტიკოსებისთვის კითხვებს აჩენს – რა იყო თითოეული ლიდერის რეალური სამხედრო-პოლიტიკური მიზანი და რა პროპაგანდისტული სარგებლის მიღება შეეძლო რუსეთს ამ ვიზიტიდან? ამ და სხვა მწვავე საკითხებზე სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე Front News-თან ინტერვიუში საუბრობს.

- მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა „პროდუქტიულად“ შეფასდა ორივე მხრიდან, ზავის მიღწევა ვერ მოხერხდა. თქვენი აზრით, რა იყო რეალური სამხედრო-პოლიტიკური მიზნები ამ შეხვედრისთვის თითოეული ლიდერისთვის და რამდენად შეძლეს მათ ამ მიზნების მიღწევა?

- ამ შეხვედრით ორივე მხარე ნამდვილად იყო დაინტერესებული. როგორც დონალდ ტრამპს ამოძრავებს საკუთარი მიზნები უკრაინის ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ორმაგად დაინტერესებულია ვლადიმერ პუტინი. ტრამპის ინტერესი, როგორც ვიცით, ნობელის პრემიის მიღებაა. მისთვის ახლა უკრაინა ძალიან დიდი გამოწვევაა, გვახსოვს მისი დაპირებები და მშვიდობაზე აპელირება. ამიტომ ახლა ტრამპისთვის ამ ომის დასრულება, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტაც კი, პრინციპულ საკითხად იქცა. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას სურს ნებისმიერ ფასად დაასრულოს ეს ომი, თუნდაც მცირე ხნით შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები, რომ ნობელის პრემია გარანტირებულად მიიღოს.

- შეხვედრისას ხაზი გაესვა „თბილ და მეგობრულ“ ატმოსფეროს, რაც კონტრასტში მოდის უკრაინაში მიმდინარე ომთან. როგორ აფასებთ ამგვარ „დიპლომატიურ სანახაობას“? შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის ტერიტორიაზე „წითელი ხალიჩით“ დახვდნენ, რაც მრავალი დასავლელი ანალიტიკოსისთვის გაუგებარი იყო. რა სამხედრო-პროპაგანდისტული სარგებლის მიღება შეეძლო რუსეთს ამ ვიზიტიდან და როგორ შეიძლება ეს აღიქვან რუსეთის სამხედრო წრეებში?

- რა თქმა უნდა, ამ მოვლენას რუსული და დასავლური მედია შეეცდება გამოიყენოს ნარატივების შესაქმნელად და ამაზე აპელირებისთვის. ამით საინტერესო ამბები შეიქმნება, მაგრამ თუ ადამიანი მშვიდობით არის დაინტერესებული, რა თქმა უნდა, შეიძლება „წითელი ხალიჩაც“ დავუფინოთ, რევერანსებიც ვუმღეროთ და ა.შ. ეს ყველაფერი მე მეასეხარისხოვნად მიმაჩნია, თუკი მშვიდობაზეა საუბარი. ეს უფრო პროპაგანდისტული მანიპულაციებისთვისაა განკუთვნილი.

- თუმცა რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ამ ფაქტს საკუთარი მიზნებისთვის მშვენივრად იყენებს. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ იზოლაციაში მყოფ პუტინს ამერიკელები დიდი პატივით დახვდნენ. ეს საკითხი დასავლურ პოლიტიკურ წრეებში დაპირისპირების მიზეზი გახდა. არაერთი სენატორის კრიტიკული განცხადება ვნახეთ...

- ომს პროპაგანდა ვერ მოიგებს. ომი მშრალ ფაქტებზეა დამყარებული - ეს არის ფინანსების, იარაღის შეძენის და ა.შ. საკითხი. ვიღაცამ ორჯერ მეტი გამარჯობა უთხრა პუტინს და გაუღიმა, ამით მას არაფერი შემატებია. ადამიანები რომ იღუპებიან, ეს რუსული ბოროტების საკითხია. თუმცა ვხედავთ, რომ პუტინსაც ბევრი რაღაცის დათმობა მოუწია. ის იძულებული გახდა ტრამპთან აქეთ ჩასულიყო და მას ხლებოდა. დიქტატორი, რომელიც თვლის, რომ სამყაროს მეორე პოლუსში დგას, რაღაცის მისაღებად ტრამპს მიეახლა. ასევე ვიცით, რომ მისი ჟურნალისტები და ამალა როგორ სიტუაციაში და რა სახის კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი. ფაქტობრივად, შეურაცხყოფილი უნდა დარჩენილიყო პუტინი ამ სიტუაციით. ის ასევე ძალიან მოწყვლადი იყო და აბსოლუტურად ტრამპის ხელში იყო მისი ბედი. ვნახეთ, თავზე ამერიკული თვითმფრინავები როგორ დაფრინავდნენ. ხოლო რა დაცვაც არ უნდა ჩაეყვანა, მისი განეიტრალება წამების ამბავი იყო. ის მთლიანად დამოკიდებული იყო ტრამპზე და ამერიკის სახელმწიფო მანქანაზე. პუტინს ჰქონდა იმედი, რომ აშშ თავის დაპირებას უსაფრთხოების კუთხით ბოლომდე შეასრულებდა. თუმცა რეალობაში მისი მსოფლმხედველობა და ამბიციები არც მას ჰქონდა დარღვეული. პუტინისთვის ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა. მისი მოტივატორი იყო ის, რომ ტრამპს გაცხადებული ჰქონდა, რომ 8 აგვისტოს შემდეგ რუსეთი უმძიმეს სანქციებს მიიღებდა, რაც რუსეთის სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევა იქნებოდა.

- თუმცა ხშირია იმაზე საუბარი, რომ პუტინი მოლაპარაკების ილუზიას ქმნის და ამით დროს მოგებას ცდილობს. ვიცით, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია კვლავ რთულია და რუსები გარკვეულ წინსვლას ინარჩუნებენ. ზელენსკიც აცხადებს, რომ პუტინი შეტევისთვის ემზადება და მისი მოქმედებები მხოლოდ თამაშის ნაწილია. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ მოცემულობით მას ცეცხლის შეწყვეტა აწყობს?

- რა თქმა უნდა, პუტინს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებზე ასე მარტივად ის უარს არ იტყვის. ითამაშებს და ივაჭრებს ბოლომდე. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ომის დასრულება ტრამპს ძალიან სურს და ეს უკვე მის იმიჯსაც კი აზიანებს. პუტინმა ეს კარგად იცის, ამიტომ ის ამით სარგებლობს. სწორედ ამიტომ შეწყვიტა ტრამპმა 8 აგვისტოს შემდეგ მუქარა სანქციებზე. ისიც გარკვეულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ პუტინს აჩვენოს, ერთის მხრივ, დათმობა და მეორეს მხრივ, მისი მზაობა, რომ მანაც რაღაც დათმოს. რა თქმა უნდა, ტრამპი არ იტყვის, რომ ეს იყო წარუმატებელი მოლაპარაკება და ა.შ. მართალია, მას აქვს კავკასიაში უკვე მშვიდობისმყოფელის იმიჯი შექმნილი აზერბაიჯან-სომხეთის შერიგებით, მაგრამ მისთვის უკრაინა მთავარი პრობლემაა. ეს იცის პუტინმაც და ისიც მაქსიმალურ გამოვაჭრებას ცდილობს. ფაქტია, ის არ შეწყვეტს ფრონტის ხაზზე საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის მცდელობას.

- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიების დათმობის შესაძლებლობა იყო. სამხედრო ანალიტიკოსის პოზიციიდან, რა უსაფრთხოების რისკებს შეიცავს უკრაინისთვის ნებისმიერი სახის ტერიტორიული დათმობა და როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს რეგიონულ სტაბილურობაზე?

- რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის დამარცხებას, რადგან ეს ჯამში ევროპის დამარცხების ტოლფასი იქნება. ჩვენ კი ვხედავთ, რომ როგორი ცუდი ლიდერებიც არ უნდა იყვნენ ევროპაში, ევროპა არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა უკრაინა დაამარცხოს. არანაირ დათმობაზე და ტერიტორიულ გაცვლაზე არ დათანხმდება უკრაინა. ეს არის ტრამპის ახირება. აქ საუბარი მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება იყოს, ეს არის ცეცხლის შეწყვეტა და დე ფაქტო, სადაც არის ახლა ფრონტის ხაზი გავლებული, იქ გაჩერება. ამის ალბათობაც საკმაოდ დაბალია. ამერიკაც, როგორც დაინტერესებული მხარე, არ არის წარმოდგენილი ამ ომში. მას არა აქვს სამხედრო რისკები და მისთვის რუსეთი საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს, ამიტომ ეს არის ტრამპის ახირება და ამის გამო უკრაინა რუსეთს ტერიტორიებს ვერ აჩუქებს. სამწუხაროდ, ტრამპს ნობელის პრემია უღირს იმად, რომ უკრაინამ ტერიტორიები დათმოს, თუმცა ამ ახირებას მას არავინ შეუსრულებს.

ვიცით, რომ იარაღს ევროპა უკრაინისთვის ამერიკიდან ყიდულობს, ამიტომაც იძულებულები არიან, უკრაინელებიც და ევროპაც, რომ ამერიკას კოჭი გაუგორონ. არავინ დათმობს ევროპის უსაფრთხოებას ტრამპის ნობელის პრემიისთვის. ეს მარტივი და ცალსახაა. ამიტომ არანაირი ლაპარაკი არ იქნება იმაზე, რომ უკრაინამ ტერიტორიები დათმოს. რუსეთის მოთხოვნებზე უპირობო დათანხმება მის გამარჯვებას ნიშნავს. ეს კი მის კიდევ უფრო გაძლიერებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ევროპას უდიდეს საფრთხეს უქმნის. ამიტომ ეს დაუშვებელია და ამას არავინ დათანხმდება. 

ელზა პაპოშვილი 

Advertisement