Logo

გიორგი ცუცქირიძე – სემეკის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვისაც

პოლიტიკა
335
Frontnews image description

სემეკის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში, ისე ბიზნესისათვისაც თვითღირებულების შემცირების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

“როდესაც 2021 წლის ბოლოს სემეკის მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფები გაიზარდა, მისი საფასურის მატება დიდწილად იმ პერიოდში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგი იყო. თბილისში კომპანია „თელასის“ აბონენტთათვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარების საფასური 3.497 თეთრით გაიზარდა. ტარიფები გაიზარდა იურიდიული პირებისთვის საშუალოდ 11 თეთრით. სემეკის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან იყო უხვი სპეკულაციები ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, აქცენტები კი ზამთრის პერიოდზე იყო გადატანილი. ნიშანდობლივია, რომ დღეს სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო (სამომხმარებლო და კომერციული) მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფები სამი თეთრით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა, ფაქტობრივად, დაუბრუნდა გაძვირებამდე ტარიფს, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღნიშნული ტარიფი სამი წლის განმავლობაში არ შეიცვლება. შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ერთ კვტ.სთ-ზე, 18.041 თეთრის ნაცვლად, 15.041 თეთრს გადაიხდიან (დღგ-ის ჩათვლით), 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე, 22.053 თეთრის ნაცვლად, 19.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ, 26.537 ნაცვლად, 23.537 თეთრს.

 

მიმაჩნია, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში, ისე ბიზნესისთვისაც თვითღირებულების შემცირების თვალსაზრისით. სემეკ-ის გადაწყვეტილება კი შესაძლებელი გახდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ბოლო ორი წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებით, რამაც, თავის მხრივ, ლარის გაცვლითი კურსის შეუქცევად გამყარებასაც შეუწყო ხელი“, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები