გიორგი ვაშაძე – ცეცხლს ნუ ეთამაშებიან და სჯობს, თავის ტკივილის გარეშე დროულად მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება


ავტორი
Front News საქართველო
“ქართულ ოცნებას” არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყველაფერი გადაავადოს, ეს ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე, – ამის შესახებ Front News-ს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველ ძალას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მაინც მოუწევს და სჯობს, ეს “თავის ტკივილის” გარეშე გააკეთოს.
“მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყველაფერი გადაავადოს, ეს ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე. მართალია, დასავლეთს მთელი ყურადღება უკრაინაზე აქვს გადართული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის არ მოიცლის. მოიცლიან და ბატონ ირაკლისაც და სხვა პატიმცემულებსაც საკადრის პასუხს მისცემენ ამ განცხადებებზე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება “ქართული ოცნებისთვის”, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან და სჯობს, თავის ტკივილის გარეშე დროულად მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.
ამ ცვლილებების მიღება მაინც მოუწევთ და რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაწევენ, მით უფრო მეტ ზიანს მიიღებს „ქართული ოცნება“. ამიტომ სჯობს, პირობა შეასრულონ, სიტყვას რომ იტყვი, უნდა შეასრულო. ეს წესები მოქმედებს პერსონალურ ცხოვრებაში, პოლიტიკაშიც და მითუმეტეს საერთაშორისო დიპლომატიაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხმა შესაძლოა, 2023 წლამდე გადაიწიოს. ამასთან, გაურკვეველი რჩება საარჩევნო ბარიერის საკითხი.
საკონსტიტიციო ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტს უკვე მიღებული აქვს.
