Logo

გივი მიქანაძე - საქართველოს EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა კიდევ ერთი დასტურია, რომ განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება

პოლიტიკა
166
Frontnews
გივი მიქანაძე - საქართველოს EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა კიდევ ერთი დასტურია, რომ განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება

დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრისგან, რომლის თანახმად საქართველოს აღუდგა EQAR-ის რეგისტრაცია. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელზეც უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა. ამ კუთხით განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, როგორც კანონმდებლობაში, ასევე შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილიყო  განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ ხელახლა, სიღრმისეულად შეისწავლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და შეიმუშავა დამოუკიდებელი დასკვნა, რომლის თანახმად ცენტრი არის სრულ თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.

"ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციას იმისთვის, რომ ხელახლა შეესწავლათ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის საქმიანობა და მისი დამოუკიდებლობის მაჩვენებელი. მიმდინარე წლის დასაწყისში მათ გამოაგზავნეს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა მათთვის საინტერესო ნებისმიერ პირს - ცენტრის თანამშრომლებს, სხვადასხვა უწყების, კონკრეტული უმაღლესი დაწესებულებების წარმომადგენლებსა, თუ დარგის ექსპერტებს.  სწორედ ამის საფუძველზეც შეიმუშავეს ექსპერტებმა შესაბამისი დასკვნა.

აღნიშნული დასკვნა, რომელიც ENQA-ს მიერ მიმდინარე წლის ივნისში გასაჯაროვდა, მიუთითებს, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის სრულ თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან. სწორედ ამის საფუძველზე უკვე  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურად მიმართა EQAR-ს, რომ რეესტრში წევრობა და სტატუსი აღდგენილიყო,  დღეს კი ჩვენ უკვე მივიღეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია.

საქართველოს აღიარება ისეთი მაღალრეიტინგული და პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორიც არის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება.

ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და მისი საქმიანობა თანხვედრაშია იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომლებზეც განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ და რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან წევრობას უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები