Logo

გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

რეგიონები
95
Frontnews
გივი მიქანაძემ ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქუთაისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები, მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

გივი მიქანაძემ  პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში გაიმართება.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ქუთაისში ჩავატაროთ.

ვფიქრობ, რომ ქუთაისი, როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი, დამსახურებულად და ძალიან ღირსეულად უმასპინძლებს ამ განსაკუთრებულ ღონისძიებას”, - განაცხადა მიქანაძემ.

გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

საუბარი შეეხო სასკოლო ფორმებს, განახლებულ სახელმძღვანელოებს, რეპეტიტორიუმის შემოღებას, ღირებულებითი განათლების კლუბებსა და სკოლებში STEAM საგნების სწავლების გაძლიერებას.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე და აღნიშნულ წარმატებაში პედაგოგების მნიშვნელოვან როლსა და დამსახურებას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის დასასრულს მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.

ღონისძიებას პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები