Logo

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პოლიტიკა
63
Frontnews
გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფკავშირთან მრავალწლიანი თანამშრომლობა, მასწავლებელთა პროფესიული ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება. მჯერა, რომ ღია დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა დაგვეხმარება, ერთობლივად ვუპასუხოთ განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს“, — განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე.

ყრილობაზე პროფკავშირის ოთხწლიანი საქმიანობა შეაჯამეს. მონაწილეებმა იმსჯელეს მასწავლებელთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე, განათლების რეფორმებში პროფკავშირის ჩართულობასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელთა შედეგადაც სქემა ყველა სტატუსის მასწავლებლისთვის უფრო მოქნილი გახდა. ასევე განიხილეს შრომის ანაზღაურების შემდგომი გაუმჯობესებისა და ფუნქციური დანამატის ზრდის საკითხები.

ღონისძიებაზე დადებითად შეფასდა მასწავლებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამინისტროსა და პროფკავშირს შორის გაფორმებულ დარგობრივ შეთანხმებას, რომელიც სოციალური პარტნიორობის წარმატებულ მაგალითად დასახელდა.

ყრილობას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პროფკავშირის დელეგატები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის, ევროპის განათლების პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის (ETUCE) ხელმძღვანელები და ევროპის 15 ქვეყნის განათლების პროფკავშირების წარმომადგენლები.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები