Global Finance-მა "საქართველოს ბანკი" საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო UX დიზაინის მქონე სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო ბანკმა „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში მიიღო. ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნეს მიმართულებებით.
ბანკის ციფრულ პროდუქტების საფუძვლად ერთიანი დიზაინის სისტემა უდევს, რომელიც საქართველოს ბანკის ყველა ციფრულ არხს ერთიან ვიზუალურ კონცეფციაში აქცევს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შრიფტის დინამიურ ზომებს, გაუმჯობესებულ კონტრასტს, ანიმაციურ ელემენტებსა და სხვა ნიუანსებს, რაც მომხმარებლებისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. ამასთან, მობილბანკში 24/7-ზე ხელმისაწვდომია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი, რომელიც მომხმარებელთა მომართვების 72%-ს ოპერატორის ჩარევის გარეშე აგვარებს. მთავარი გვერდის პერსონალიზაციის ფუნქციონალი კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი საჭიროებების შესაბამისად მოაწყოს აპლიკაცია.
„ჩვენთვის საუკეთესო UX დიზაინის მქონე ბანკის სტატუსის კიდევ ერთხელ მოპოვება განსაკუთრებით საამაყოა, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალურად მარტივი, ინტუიციური და თანმიმდევრული გამოცდილება ყველა ჩვენს ციფრულ არხში. ჩვენი ერთიანი დიზაინსისტემა გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერი სიახლე ერთდროულად და მაღალი ხარისხით მივაწოდოთ თითოეულ მომხმარებელს. ამგვარად, ვფიქრობ, ამ ნომინაციაში გამარჯვებას, ისევე, როგორც გასული ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს მიღებას, ის გამოცდილებაც განაპირობებს, რასაც მომხმარებელი ციფრულ არხებში იღებს“, – განაცხადა ანა სარალიძემ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ვლინდებიან ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მიერ ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. გამოცემა 1987 წელს დაარსდა და 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი




