გოჩა თუთბერიძე - საჭიროა სებ-მა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებმა შეიმუშაონ სტრატეგია და სამოქმედო გეგმები, თუ როგორ უპასუხონ ამ გამოწვევებს

ავტორი
Front News საქართველო
საჭიროა სებ-მა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებმა (ან მთავრობამ) შეიმუშაონ სტრატეგია და სამოქმედო გეგმები, თუ როგორ უპასუხონ ამ გამოწვევებს, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გოჩა თუთბერიძემ ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით წერს.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა ბევრად ჩამორჩება მონეტარული ბაზის ზრდას.
"რატომ იზრდება საქართველოში ფასები? პასუხს ამ კითხვაზე იძლევა სებ-ის ოფიციალური სტატისტიკა. კერძოდ, ერთი წლის მანძილზე (2024-2025) მონეტარული ბაზა გაიზარდა თითქმის 32 პროცენტით და ეს ზრდა გრძელდება. იმავე პერიოდში, ეკონომიკური ზრდა ბევრად ჩამორჩება მონეტარული ბაზის ზრდას. ყველა ეკონომისტმა იცის ფორმულა MV = PY. თუ M (ფულის მასა) იზრდება უფრო სწრაფად ვიდრე გამოშვება Y, მაშინ, გაიზრდება P, ანუ ფასები. ამას კომისია ვერაფერს უშველის. ეკონომიკური კანონზომიერებაა. ისმის კითხვა რატომ გაიზარდა მონეტარული ბაზა? საქართველოში მონეტარული ბაზას ზრდის: 1. სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა 2. ლიკვიდობის მიწოდება ბანკებისათვის. სებ-მა საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტის რეკორდული შესყიდვები განახორციელა - 1.8 მლრდ. აშშ დოლარი. ანუ მიმოქცევაში გაუშვა დაახლოებით 5 მლრდ. ლარი. ასევე მაღალია 7-დღიანი ლიკვიდობის სესხების მაჩვენებელიც 2.2 მლრდ და ზოგჯერ 5 მლრდ-ს აღწევს. ცხადია, ასეთი პოლიტიკა სხვა დამზღვევი მექანიზმების გარეშე, კი გამოიწვევდა ფასების ზრდას. მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა და გარე შოკებიც, რაც უკავშირდება ნავთობის და სხვა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას. საჭიროა სებ-მა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებმა (ან მთავრობამ) შეიმუშაონ სტრატეგია და სამოქმედო გეგმები, თუ როგორ უპასუხონ ამ გამოწვევებს", - აცხადებს გოჩა თუთბერიძე.
თაგები:
გოჩა თუთბერიძე




