Logo

გუბაზ სანიკიძე – ძველებმა უნდა დავანებოთ პოლიტიკას თავი, ახალი თაობა წამოვიდა

პოლიტიკა
911
Frontnews image description

მარტო “ქოცების” ბრალი არ არის, რა დღეშიც არის ეს ქვეყანა, ძვირფასო ოპოზიციონერებო. უნდა გადაეწყოს ოპოზიცია. ქალბატონი სალომეს წარმატება განულებულია ქვეყნის შიგნით. ქალბატონო სალომე, რას ელოდებით?! მონარქია აქ არ აღდგება და თამარ მეფის მემკვიდრედ არავინ გამოგაცხადებთ,  – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირთან პრობლემა აქვს ხელისუფლებასაც და გარკვეული პრობლემები აქვს ოპოზიციასაც.

“უნდა გადაეწყოს ოპოზიცია, რესტრუქტურიზაციაა საჭირო. ჩანს კიდევაც ვინ ვარგა და ვინ – არა. უფრო ახალი ასაკის ხალხია საჭირო. ძველმა ოპოზიციამ ისეთი მანევრები ატარა, რომ ნაწლავების გადახლართვა დაემართა.

რამდენი წელია ვიძახი – ამ ქვეყანაში იგებს დიდი ერთობები, დიდი კოალიციები. იძახიან, ფერადი, ფერადიო. რა ფერადი, შავი და თეთრია ქვეყანაში. მე ვაფიქსირებ, რომ კლასიკური გაგებით პოლიტიკას თავი დავანებე, მე ჩემი თავით ვიწყებ. ძველებმა უნდა დავანებოთ პოლიტიკას თავი. ახალი თაობა წამოვიდა. რუსთაველის გამზირზეა მთავარი პროცესი და არა პარტიების ოფისებში. ნეტა, თუ ხვდება ამას ვინმე?!

მარტო “ქოცების” ბრალი არ არის, რა დღეშიც არის ეს ქვეყანა, ძვირფასო ოპოზიციონერებო. ხელს მე არ შეგიშლით არაფერში, მაგრამ არ მოგასვენებთ. აგერ მოვა ზაფხული და ვნახავთ, რას დააპირებთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისას იმავე ცესკოს პირობებში. ამას გეთამაშებათ ბიძინა. ბიძინა კი არაა ბრძენი კაცი, ჩვენ ვართ უტვინოები.

რუსთაველის გამზირთან პრობლემა აქვს ხელისუფლებასაც და გარკვეული პრობლემები აქვს ოპოზიციასაც. დარწმუნებული ვარ, ის რუსთაველის გამზირი ახალ ლიდერებსაც გამოაჩენს რაღაც მომენტში. ჩნდებიან კიდეც უკვე. ხალხო, გაგახსენებთ, ეროვნულ მოძრაობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიყავით 20-25 000 კაცი და მოსახლეობის უმრავლესობა ჩვენ გიჟებად გვთვლიდნენ, მაგრამ გვყავდნენ ლიდერები, რომლებიც სულ ქუჩაში იყვნენ და ვიყავით აბსოლუტურად ორგანიზებული და იერარქიული. არავინ არ იცოდა, ზვიადი რას იზამდა მეორე დღეს. შიში გაჩნდა ხელისუფლების, მილიციის უფროსები იმალებოდნენ, რაიკომის მდივნებს აჭედილი ჰქონდათ კარები და ამ ოპოზიციის არ ეშინია ხელისუფლებას.

ქალბატონ სალომეს აქვს ძალიან დიდი წარმატება საგარეო მიმართულებით და განულებულია ქვეყნის შიგნით. ქალბატონო სალომე, რას ელოდებით?! მონარქია აქ არ აღდგება და თამარ მეფის მემკვიდრედ არავინ გამოგაცხადებთ. ეს შეიძლება მოიპოვოთ, კარგია თამარ მეფის ჯვრის ასლით სიარული, კარგი მოდაა ქართველ ქალებში, მაგრამ ფორმა შინაარსს მოითხოვს. თავმოწყვეტილი რომაა მთელი ოპოზიცია, დაუძახეთ. ამას სჭირდება დელეგირება პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოებისა და რუსთაველის გამზირის”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

Advertisement