გუბაზ სანიკიძე - რამდენად აკონტროლებთ რელიგიურ უსაფრთხოებას? ირანის ნაკადებს რამდენად აკონტროლებთ?!

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სერიოზული კრიზისი აქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მაგრამ ირანი მიჩვეულია კრიზისებს, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანთან დაკავშირებით თავიანთი მიზნები ასე თუ ისე გაცხადებული აქვთ.
"ძალიან სერიოზული კრიზისი აქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მაგრამ ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ - ირანი მიჩვეულია კრიზისებს, მაგრამ ამ მასშტაბის მას ჰქონდა მაშინ, როცა ერაყთან ომი რომ დაიწყო, სადაც პირველი თვეები იმდენად გაუჭირდა ირანს, რომ კრახის წინაშე იყო მისული, მაგრამ დღევანდელი კრიზისი გაცილებით სახიფათოა მისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის პოზიცია, დღის წესრიგი, მიზნები და ამოცანები. ისრაელი ჩამოყალიბებულია ბოლომდე, მას უნდა ხელისუფლების ცვლილება, ანუ, ისლამური რესპუბლიკის განადგურება ამ სახით, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ლავირების საშუალება აქვს დატოვებული გასაგები მიზეზებისდა გამო.
რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას მიმდინარე თემაზე, უკვე ზღვარგადასულია ხელისუფლების მომხრე მედიარესურსების განვითარებული ანტისემიტიზმი, ანტიისრაელური განწყობა. რას ერჩოდა ისრაელი ირანსო - ძვირფასო მეგობრებო, ეს ომი იცით, როდის დაიწყო? – 7 ოქტომბერს, როცა ჰამასის შეიარაღებული ფორმირებები თავს დაესხნენ ისრაელს. ჰამასი არის ირანის პროქსი ძალა, ირანი აფინანსებდა და ირანის ისლამური რესპუბლიკის დავალებით მოხდა თავდასხმა და ეს განგრძობითი ომია.
რაც შეეხება იმას, ვინ არის აგრესორი - ჯერ რუკას დახედეთ, ისრაელი არის ორი კახეთის ხელა და ირანი არის თურქეთზე ორჯერ დიდი ქვეყანა. ირანის ისლამური რესპუბლიკა როცა დამყარდა, პირველი საგარეო დოქტრინაში გამოაცხადეს, რომ ამერიკა არის დიდი სატანა და ისრაელი - მცირე და ისლამური რესპუბლიკის საგარეო დოქტრინა გულისხმობდა ისრაელის განადგურებას.
სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავისი მოქალაქეების და უსაფრთხოების მრავალი ფორმაცია არსებობს. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სახელმწიფოს უსაფრთხოების, მით უმეტეს ჩვენს რეგიონში არის რელიგიური უსაფრთხოება - რამდენად თანამშრომლობს რელიგია ან რელიგიები ხელისუფლებასთან და პირიქით. საქართველოში ცხოვრობენ ქრისტიანები, იუდეველები, ისლამის თითქმის ყველა მიმდევრობის ადამიანები და სხვა. მოგმართავთ ხელისუფლებას, რამდენად აკონტროლებთ რელიგიურ უსაფრთხოებას? ირანის ნაკადებს რამდენად აკონტროლებთ, ძვირფასო სუსელებო?! ისრაელის, ან ამერიკის საელჩოს რომ რამე მოუვიდეს, რას შვრებით? თუ სატირალში წავა ისევ კობახიძე?!", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
თაგები:
გუბაზ სანიკიძე




