"გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ მხარდაჭერის ყოველი გამოვლინებისთვის, თითოეული ქართველი მეომრისთვის"

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში უკრაინის საელჩო უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დმიტრო ბერეჟნოის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
"ერთობლივი ბრძოლა საერთო მომავლისთვის: ისტორიული გამარჯვებიდან თავისუფალი ერების ურყევ კავშირამდე.
თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოწრთობილი ისტორია
ყოველწლიურად, 24 აგვისტოს, უკრაინა აღნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრივი იდენტობის მთავარ დღესასწაულს — დამოუკიდებლობის დღეს. უკრაინელი ხალხისთვის ეს არ არის უბრალოდ კალენდარული თარიღი ან სუვერენიტეტის ფორმალური ატრიბუტი.
ჩვენთვის დამოუკიდებლობა არასოდეს ყოფილა მოცემულობა, საჩუქარი ან ისტორიულ გარემოებათა შემთხვევითი დამთხვევა. იგი გამოჭედილია საუკუნოვანი უწყვეტი ბრძოლით, გამოწრთობილია საკუთარ მიწაზე უკრაინელების ბატონ-პატრონობის, ღირსებისა და სინდისის კანონებით ცხოვრების, მშობლიურ ენაზე საუბრის, საკუთარი კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის სწრაფვით.
ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი გზა - ეს არის დაუმორჩილებლობის ქრონიკა: სამთავროების ეპოქიდან და კაზაკთა გმირობიდან, XX საუკუნის დასაწყისის განმათავისუფლებელი ბრძოლებიდან და უკრაინული იატაკქვეშეთის წინააღმდეგობიდან - 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენამდე, ღირსების რევოლუციამდე და რუსული აგრესიისადმი თანამედროვე წინააღმდეგობამდე.
თავისუფლება უკრაინელებისგან ყოველთვის უძვირეს ფასს მოითხოვდა. და ყოველ ჯერზე, როდესაც მტერი ჩვენი საზღვრების წაშლას, ჩვენი ეროვნული მეხსიერების განადგურებასა და ისტორიის მითვისებას ცდილობდა, ჩვენ კვლავ ფეხზე ვდგებოდით - აღვადგენდით ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ვინარჩუნებდით თავს როგორც ერი და კიდევ უფრო ვძლიერდებოდით.
დღევანდელი დაპირისპირება ამ ისტორიული ბრძოლის პირდაპირი გაგრძელებაა. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს არ დაწყებულა — იგი 2014 წლიდან, ყირიმის უკანონო ანექსიიდან და დონბასში ომის გაჩაღებიდან მოყოლებული გრძელდება. მაშინ კრემლმა საბოლოოდ ჩამოიხსნა „მოძმე ხალხის“ შესახებ არსებული მითის საბურველი, ხოლო „რუსულმა სამყარომ“ თავისი ნამდვილი სახე აჩვენა: ისტორიულ სიახლოვეზე საუბრის მიღმა იმპერიული პრეტენზიები, სხვისი ტერიტორიების მითვისების სწრაფვა და მეზობელი ხალხებისთვის საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლების წართმევა იმალებოდა.
2022 წლის თებერვალში აგრესორმა არაპროვოცირებულ ფართომასშტაბიან შემოჭრას მიმართა, რითაც ჩვენი სახელმწიფოს სწრაფ კაპიტულაციას ვარაუდობდა. თუმცა, მტერი შეცდა. მილიონობით უკრაინელი - ფრონტის ხაზზე, თავდაცვის-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებში, საავადმყოფოებში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა თუ მოხალისეთა შტაბებში - სამშობლოს დასაცავად დადგა და მსოფლიოს ეროვნული ერთიანობისა და მედეგობის უპრეცედენტო მაგალითი უჩვენა.
იარაღთ დაძმობილება
ფართომასშტაბიანი შემოჭრის ყველაზე მძიმე, პირველ დღეებში, როდესაც უკრაინის ბედი თითოეულ იმ ადამიანზე იყო დამოკიდებული, ვისთვისაც იგი სულერთი არ გახლდათ, უკრაინელი მეომრების გვერდით მრავალი მეგობარი ქვეყნის მოხალისეები და გმირები დადგნენ. მათ შორის კი განსაკუთრებული ადგილი საქართველოს შვილებს უკავიათ.
დღეს მრავალი ქართველი მებრძოლი - საქართველოს სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეობის მქონე ეთნიკური ქართველები - უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ფორმირებების შემადგენლობაში იბრძვიან. იარაღით ხელში ისინი იცავენ უკრაინის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან კარგად ესმით: ეს ბრძოლა საერთოა. საკუთარ თავზე გამოცდილი რუსული აგრესიისა და საკუთარი მიწების ოკუპაციის გამო, ქართველ ხალხს, როგორც არავის, ისე ესმის უკრაინის ტკივილი და აცნობიერებს, რომ დღეს ხარკოვის, ზაპორიჟიის თუ ხერსონის ოლქებში არა მხოლოდ უკრაინის მომავალი წყდება - იქ გადის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საკვანძო მიჯნა, რომლის შედეგზეც პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალიც.
უკრაინის ფრონტზე ქართველი გმირების სიმამაცე, უშიშრობა და თავგანწირვა სოლიდარობის უმაღლეს გამოხატულებად და ჩვენს საერთო გამარჯვებაში ქართველი ხალხის უმნიშვნელოვანეს წვლილად იქცა. ჩვენ ქედს ვიხრით იმ უკრაინელი და ქართველი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებას შესწირეს. მათი გმირობა სამუდამოდ ჩაიწერება ჩვენი საბრძოლო ძმობის ისტორიაში და გზამკვლევი გახდება მომავალი თაობებისთვის.
სრულიად სახალხო სოლიდარობა მოქმედებაში
უკრაინელ ხალხს ღრმა მადლიერებითა და სითბოთი ყოველთვის ეხსომება ის მასშტაბური სიკეთე და სტუმართმოყვარეობა, რომელიც ჩვენ ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით საქართველოსგან. საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარები გაუღო ათასობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც რუსი ოკუპანტების ზეწოლის, ბომბების და დაბომბვების გამო იძულებული გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.
2022 წლის თებერვლის ბოლოდან უკრაინის 500 ათასზე მეტმა მოქალაქემ იძულებითი ევაკუაცია მოახდინა და საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაემგზავრა. ბევრი მათგანისთვის სწორედ ქართული მიწა გახდა პირველი უსაფრთხო თავშესაფარი რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისის საშინელებების შემდეგ. ამჟამად 27 ათასზე მეტი უკრაინელი აგრძელებს საქართველოში დროებით ცხოვრებას, სამართლიანი მშვიდობის დადგომასა და მშობლიურ სახლში დაბრუნების შესაძლებლობას ელოდება.
უკრაინის ჰუმანიტარულმა და სოციალურმა მხარდაჭერამ საქართველოში ჭეშმარიტად საყოველთაო-სახალხო მასშტაბი შეიძინა, რამაც გააერთიანა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევა.
ომის პირველ, ყველაზე მძიმე თვეებში, ათასობით უკრაინულმა ოჯახმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თავშესაფარი საქართველოში ეძებნათ, მიიღო უფასო საცხოვრებელი, ცხელი საკვები, მატერიალური დახმარება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანური სითბო და მხარდაჭერა.
მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცა თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლებში უკრაინული სექტორების შექმნა, სადაც უკრაინელი ბავშვები დღესაც აგრძელებენ მშობლიურ ენაზე სწავლას უკრაინის ეროვნული სასწავლო პროგრამით. ეს მათ ეხმარება არა მხოლოდ ახალ პირობებთან ადაპტაციაში, არამედ საკუთარი ეროვნული იდენტობისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაშიც. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების უკრაინელი ბავშვები, მათ შორის ის ბავშვები, რომელთა მშობლებმაც სიცოცხლე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შესწირეს, რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში დასასვენებლად და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის.
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინსტიტუციურმა მხარდაჭერამაც, რაც გამოიხატა საზღვრის კვეთის პროცედურების მაქსიმალურ გამარტივებაში, უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო ყოფნის ვადების გაზრდასა და მათთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში.
ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობის მიერ შეგროვებული და უკრაინაში გაგზავნილი ათასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება, გენერატორები, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები უაღრესად მნიშვნელოვან მხარდაჭერად იქცა ჩვენი ქალაქებისთვის ომის ყველაზე რთულ პერიოდში.
ამ თბილი და ღია მიღების წყალობით, საქართველოში მყოფი უკრაინელები თავს „უცხოეთში“ არ გრძნობენ. ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის საქართველო გახდა ჭეშმარიტად ახლობელი ქვეყანა, სადაც ისინი გრძნობენ ძმურ სითბოს, მხარდაჭერასა და გულწრფელ ადამიანურ სოლიდარობას.
სიტუაცია ფრონტზე და უკრაინის დაცვა
ვითარება ფრონტზე მძიმე, თუმცა ამავდროულად უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ კონტროლირებადი რჩება. უკრაინელი მეომრები თანმიმდევრულად ინარჩუნებენ სტრატეგიულ ინიციატივას და აგრძელებენ სუვერენული უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაციის ამოცანების რეალიზებას. მტრის ჭარბ ძალებთან ორთაბრძოლაში უკრაინული ჯარი მაღალ ტექნოლოგიურობას, მოქნილობასა და ოპერატიულ უპირატესობას ამჟღავნებს. ჩვენი დამცველები არა მხოლოდ აკავებენ აგრესორის შეტევებს, არამედ სისტემურად ანადგურებენ მის სამხედრო პოტენციალს და დამპყრობელთა შემოღწევის ყოველ მცდელობას კრემლის სამხედრო მანქანის სტრატეგიულ მარცხად აქცევენ.
უკრაინის თანამედროვე სტრატეგიის საკვანძო ელემენტად იქცა აგრესორი ქვეყნის ღრმა ზურგში მაღალი სიზუსტის დარტყმების მეთოდური მიყენება. უკრაინის თავდაცვის ძალები თანმიმდევრულად ანადგურებენ სამხედრო აეროდრომებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საბრძოლო მასალის საწყობებს, საკომანდო პუნქტებსა და საკვანძო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კვანძებს ფრონტის ხაზიდან ასეულობით და ათასობით კილომეტრის დაშორებით. რუსული მომარაგების ჯაჭვების პარალიზება, საოკუპაციო ჯარებისთვის საწვავის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკური მხარდაჭერის წართმევა პირდაპირ ასუსტებს მტრის პოზიციებს წინა ხაზზე და მას სტრატეგიული შეტევითი ოპერაციების წარმოების შესაძლებლობას უსპობს.
კრემლის სისხლიანი რეჟიმი აგრძელებს „ხორცის შტურმების“ ტაქტიკის გამოყენებას, რაც სხვადასხვა ეპოქის რუსული ტირანიებისთვის არის დამახასიათებელი. ათასობით რუს ჯარისკაცს სასტიკ ხორცსაკეპ მანქანაში ყრიან რუსეთის მმართველის იმპერიული ამბიციების გამო. ამგვარი ტაქტიკის ფასი რუსული არმიის კოლოსალური დანაკარგებია - როგორც ცოცხალ ძალაში, ისე ტექნიკაში, რომელსაც რუსული პროპაგანდა „ანალოგის არმქონედ“ წარმოაჩენდა. უკრაინამ სამუდამოდ დაამსხვრია მითი რუსული ჯარების უძლეველობისა და ე.წ. „მსოფლიოს მეორე არმიის“ შესახებ, რომელმაც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის გატეხვა ვერ შეძლო.
უკრაინა - ევროპული უსაფრთხოების კონტრიბუტორი
უკრაინის დღევანდელი ბრძოლა - ეს არ არის მხოლოდ ომი ერის გადარჩენისთვის ან სახელმწიფო საზღვრების შენარჩუნებისთვის. ეს არის გლობალური დაპირისპირება ცივილიზაციური არჩევანისა და მთელი თავისუფალი მსოფლიოს ფუნდამენტური ფასეულობებისთვის. საკუთარი სუვერენიტეტის დაცვით, უკრაინა დღეს ფარად დგას ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე და იცავს მთელ დემოკრატიულ სამყაროს ტოტალიტარიზმისა და იმპერიული რევანშიზმის დაბრუნებისგან, ისევე როგორც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განადგურებისგან.
დღეს ხელახლა, ახლებურად ხდება ნამდვილი, ქმედითი კავშირების მნიშვნელობის გააზრებაც. თანამედროვე გლობალური საფრთხეების პირობებში, არცერთ სახელმწიფოს არ ძალუძს საკუთარი უსაფრთხოების დამოუკიდებლად გარანტირება. წარსულის უსაფრთხოების არქიტექტურამ აჩვენა თავისი სუსტი წერტილები, ხოლო რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა: ფორმალური გარანტიები არ არის საკმარისი იქ, სადაც არ არსებობს პოლიტიკური ნება და გადამჭრელი მოქმედებებისთვის მზადყოფნა. საერთო ღირებულებებზე, პრაგმატულ ინტერესებსა და საერთო საფრთხეებთან ერთობლივი დაპირისპირების მზადყოფნაზე დაფუძნებული თანასწორუფლებიანი პარტნიორობა და მოკავშირეობა მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ერთ-ერთ მთავარ საწინდრად იქცევა.
სწორედ თანამშრომლობის ასეთ მოდელს სთავაზობს უკრაინა ევროკავშირსა და ნატოს. ჩვენ ამ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ მივესწრაფვით არა როგორც დახმარების რეციპიენტი ან გარანტიების მომხმარებელი, არამედ როგორც საერთო ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სრულფასოვანი, გამოცდილი და ძლიერი კონტრიბუტორი.
უკრაინის შეიარაღებული ძალები დღეს ფლობენ მაღალი ინტენსივობის თანამედროვე ომის წარმოების უნიკალურ გამოცდილებას ისეთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რომელსაც აშკარა უპირატესობა აქვს ეკონომიკურ პოტენციალში, მატერიალურ-ტექნიკურს და ადამიანურ რესურსებში. ჩვენმა გმირმა დამცველებმა და გამოცდილმა საინჟინრო-ტექნიკურმა სპეციალისტებმა აითვისეს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო უპილოტო სისტემების, საჰაერო თავდაცვის, რადიოელექტრონული ბრძოლისა და კიბერდაცვის გამოყენების უახლესი ტაქტიკა. მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობის გზაზე, ჩვენ მზად ვართ ეს ფასდაუდებელი კომპეტენციები, პრაქტიკული გამოცდილება და უკრაინელი ხალხის სისხლით, გმირობით და თავგანწირვით მოპოვებული მიღწევები ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ.
ბრძოლა გრძელდება - გამარჯვება ჩვენი იქნება!
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - ეს არის შეხსენება იმისა, რომ თავისუფლება მისი დაცვისთვის მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს. ბრძოლა ყველა ფრონტზე გრძელდება. იგი ჩვენგან ერთიანობას, გამძლეობასა და საკუთარი ძალებისადმი მტკიცე რწმენას მოითხოვს.
ჩვენ გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ყოველი გამოვლინებისთვის, თითოეული ქართველი მეომრისთვის, რომელიც ჩვენ გვერდით დგას წინა ხაზზე, უკრაინელი ბავშვისთვის მიცემული თითოეული თავშესაფრისთვის, ყოველი ლარისა და გენერატორისთვის უკრაინის მხარდასაჭერად.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხების ერთობლივი ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისთვის უცილობლად დასრულდება სამართლიანობის აღდგენით, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების სრული დეოკუპაციით და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებით.
დიდება უკრაინას! GAUMARJOS SAKARTVELOS!“, – აღნიშნული სტატიაში.
თაგები:
უკრაინის საელჩო




