Logo

გურო იმნაძე – ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება

პოლიტიკა
1370
Frontnews image description

“ქართულმა ოცნებამ” გუშინ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი გურო იმნაძე წერს.

“უფლებადამცველებმა ისედაც ვიცოდით, რომ მთავრობა ამ ცვლილებებს აუცილებლად შეიტანდა დადგენილებაში. მეტიც “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ზრახვების ფონზე, გასაკვირიც კია, რომ აქამდე არ იყო ეს ქმედება კრიმინალიზებული.

ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს:

მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს;

პროტესტს სჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა. ავტორიტარი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ”, – წერს გურო იმნაძე.

31 იანვრის დადგენილების თანახმად, სტრატეგიული/განსაკუთრებული ობიექტების ნუსხაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზები დაემატა.

კანონმდებლობის მიხედვით, სტრატეგიული/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება/ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას” , ბლოკირებას გულისხმობს და გარკვეულ შემთხვევებში, 4 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

Advertisement