Logo

იენს სტოლტენბერგი – ჰაერში განვათავსებთ მეტ სამხედრო თვითმფრინავებს, ზღვაში გვეყოლება წყალქვეშა ნავები და საბრძოლო გემების მნიშვნელოვანი რაოდენობა

მსოფლიო
335
Frontnews image description

დღეს ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთს უპრეცედენტო საფასურს დაუწესებენ.

 

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვმართა გზავნილით, სადაც მადლობა გადაუხადა ნატო-ს მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა მეტი სამხედრო დახმარების სასიცოცხლო მნიშვნელობას. დღეს ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას. ჩვენ კვლავ დავუწესებთ უპრეცედენტო საფასურს რუსეთს და გავაძლიერებთ მოკავშირეების შეკავებას, თავდაცვას. ლიდერებმა დაამტკიცეს ოთხი დამატებითი საბრძოლო ჯგუფი ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ეს არის დამატებითი ჯგუფები, რომლებიც უკვე გვყავს ბალტიისპირეთში და პოლონეთში. ასე რომ, ჩვენ გვყავს რვა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ევროპაში არის 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც მხარს უჭერს ნატო-ს ძალისხმევას. 40 000 ჯარისკაცი გვყავს უშუალოდ ნატო-ს სარდლობის ქვეშ, ძირითადად ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ჯარები გაძლიერებულია საჰაერო და საზღვაო კომპონენტებით, მათ შორის არის ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფები ჩრდილოეთში და ხმელთაშუა ზღვაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, ნატო-ს ლიდერები დღევანდელ სამიტზე ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სახმელეთო, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

 

“დღეს ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ შეკავებისა და თავდაცვის გადატვირთვაზე გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების ახალი რეალობის გათვალისწინებით. ხმელეთზე ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გვეყოლება არსებითად მეტი ძალები უმაღლეს მზადყოფნაში. ჰაერში ჩვენ განვათავსებთ მეტ სამხედრო თვითმფრინავებს ჩვენი ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გასაძლიერებლად. ზღვაში ჩვენ გვეყოლება ავიამზიდის დამრტყმელი დამატებითი ჯგუფი, წყალქვეშა ნავები და საბრძოლო გემების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ კიბერთავდაცვას ფოკუსირებულს კოლექტიურ თავდაცვასა და ურთიერთთავსებადობაზე.მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ უკრაინის დამატებით დახმარებაზე, რომ მხარი დავუჭიროთ, დაიცვან თავდაცვის უფლება. ალიანსი უკრაინას აძლევს სამხედრო დახმარებას, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე უპილოტო თვითმფრინავებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ძალიან ეფექტურია. ასევე უკრაინას ვაძლევთ არსებით ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. დღეს შევთანხმდით, რომ მეტს გავაკეთებთ, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით, ასევე უკრაინისთვის აღჭურვილობის მიცემით, რომელიც საჭიროა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დასაცავად. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, კონფლიქტი მეტად არ გავრცელდეს, რადგან ეს შესაძლოა, იყოს მეტად სახიფათო და გამანადგურებელი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Advertisement