Logo

ილია წულაია - "ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი

Frontnews image description

"ტრამპ თაუერ თბილისი“ მნიშვნელოვანი სიახლეა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ჩვენი სექტორისთვის, – ამის შესახებ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ილია წულაიამ პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.

წულაიას თქმით, რეგიონში ასეთი პროექტი არ განხორციელებულა და საქართველო არის პირველი.

"ამ პროექტზე საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით და ბევრი შეხვედრა გვქონდა. საბოლოო ჯამში მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი წარმატებით დავასრულეთ და საბოლოო კონტრაქტი გავაფორმეთ. პროექტის განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული არქიტექტურული კომპანია Gensler და თბილისში რაღაც განსაკუთრებული შეიქმნება.

საუბარია დაახლოებით, ორ მილიარდ დოლარ ინვესტიციაზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ Trump Tower-ს, არამედ მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასაც, რომელიც ახალი დანიშნულება იქნება თბილისისთვის. მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება რესტორნები, კაფეები, მაღალი დონის მაღაზიები, საოფისე კომპლექსი და სასტუმროები. ძალიან ბევრი პოზიტიური ამბავი მოჰყვება ამ პროექტის მშენებლობას. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე მსოფლიო ბრენდთან როგორც სასტუმრო მიმართულებით, ისე სარესტორნე მიმართულებით და ზოგთან კონტრაქტიც კი გვაქვს უკვე გაფორმებული. ამ ყველაფერს ეტაპობრივად დავაანონსებთ. რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაგარი და მიმზიდველი უბანი გაკეთდება, რომელიც დანიშნულების ადგილი იქნება როგორც უცხოელებისთვის, ისე ქართველებისთვის.

გვიხარია, რომ ამ პროექტს ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორებთან ერთად. „ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, რომელსაც Trump-ის ორგანიზაცია ირჩევს. ქვეყნების და ქალაქების არჩევა ძალიან დიდი სიფრთხილის ფონზე ხდება, – აცხადებს ილია წულაია.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ს აშენებას გეგმავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები