ირაკლი ალადაშვილი - ირანის ავიაცია და ფლოტი განადგურებულია, თუმცა სახმელეთო ომში თეირანს 7-მილიონიანი რესურსი აქვს

ავტორი
Front News საქართველო
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება - ისრაელისა და აშშ-ის იერიშებს ირანი საპასუხო დარტყმებით და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის მუქარით პასუხობს. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ცვალებადი განცხადებები წინასაარჩევნო ტაქტიკის ნაწილია, რადგან ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა მის პოლიტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის. ექსპერტის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის საჰაერო და საზღვაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა, სახმელეთო ინტერვენცია „პანდორას ყუთის“ გახსნას ნიშნავს, რაც გლობალურ ეკონომიკასა და უსაფრთხოებას კატასტროფული შედეგებით ემუქრება.
- ბატონო ირაკლი, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით სამ დღეში რამდენჯერმე შეცვალა განცხადება. ჯერ მათ 48-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა, შემდეგ თქვა, რომ ხუთდღიან დროს აძლევდათ. ბოლო განცხადებებით კი მან შეძლო და შუამავლის მეშვეობით გარკვეული სახის კომუნიკაცია დაამყარა; უფრო მეტიც, ირანელებისგან „საჩუქარიც“ კი მიიღო, რაც ნავთობსა და გაზს უკავშირდება. ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის ტრამპის პოლიტიკური ტაქტიკა, რომლითაც ის დროს წელავს. როგორ გაიგეთ მისი ბოლო განცხადებები?
- სამ კვირაზე მეტი გავიდა, რაც ირანზე ისრაელი და ამერიკა შეტევას ახორციელებენ. ასევე ვხედავთ ირანის საპასუხო დარტყმებს ისრაელსა და სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკულ ბაზებზე, ასევე სპარსეთის ყურის ენერგეტიკულ ობიექტებზე. ხოლო მთავარი, რაც არის, ესაა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რაც ტრამპისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა. ვიცით, რომ წელს ამერიკაში შუალედური არჩევნებია, ხოლო ამერიკელებისთვის ბენზინის ფასის გაძვირება ძალიან მძიმე წნეხი იქნება. ამიტომ არჩევნებზე არაა გამორიცხული, რომ ტრამპმა მარცხიც კი განიცადოს. ის ამას ხვდება და ალბათ, კვლევებიც ეუბნებიან, მის თავს რა ხდება, ამიტომაც იზრდება შანსი იმისა, რომ დემოკრატებმა ეს შუალედური არჩევნები მოიგონ.
აქედან გამომდინარე, მისთვის ამ ეტაპზე უმთავრესია ჰორმუზის სრუტის გახსნა, რათა მსოფლიო ფასი დარეგულირდეს და აღარ გაიზარდოს. თუ ამერიკა ირანის ელექტროსადგურებს დაარტყამს, მაშინ თეირანიდანაც იქნება პასუხი. მათ უკვე თქვეს, რომ მაშინ ისინი სპარსეთის ყურეში ელექტროსადგურებსა და წყლის გამტკნარების სადგურებსაც დაარტყამენ. ვიცით, რომ წყლის ფასი ამ რეგიონში ოქროდ ფასობს და სწორედ ზღვიდან ხდება ამ სპეციალური დანადგარებით წყლის გამტკნარება. თუ ირანი ამ სადგურებს დაარტყამს, გამოვა, რომ უდიდესი პრობლემები შეექმნება სპარსეთის ყურის ქვეყნებს - აქ საუბარი უკვე სასმელი წყლის დეფიციტზე გახდება. ამიტომ ეს 48-საათიანი ულტიმატუმი, რომელიც არაფრის მომცემი იყო, ვფიქრობ, ისევ და ისევ ტრამპის პოლიტიკური თამაში იყო. ახლა ამბობს, რომ ირანთან ნახეს ადამიანი, რომელიც შუამავლობას გაუწევთ და შეუძლიათ მოლაპარაკება. თუმცა ირანის მოთხოვნა გასაგებია: შეწყდეს დაბომბვები და კომპენსაცია გადაუხადონ, რათა დანგრეული ინფრასტრუქტურა აღადგინონ. ამერიკა ამაზე არ წავა და რომც წავიდეს, რა თქმა უნდა, ისრაელი იქნება ამის წინააღმდეგი. ნეთანიაჰუსთვის, სანამ ტრამპის „ფანჯარა“ ღიაა და სანამ ამერიკა ეხმარება ირანის დაბომბვაში, ის ამას მაქსიმალურად გამოიყენებს. მას სურს, ეს ფანჯარა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ისრაელს უნდა, რომ ირანი ღაზასავით „გადახნას“, რათა მათ მიმართ არსებული საფრთხე ირანიდან მაქსიმალურად შემცირდეს.
- ტრამპი აცხადებს, რომ ირანის საჰაერო და საზღვაო ძალები „მკვდარია“. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას? ირანს სამხედრო თვალსაზრისით აქვს თუ არა ასიმეტრიულად დარჩენილი შესაძლებლობები, რომელთაც შეუძლიათ ამერიკის გეგმებს სერიოზული ზიანი მიაყენონ?
- დიახ, რაც შეეხება ირანის ავიაციას, ის საერთოდ გამოთიშულია, რადგან ასაფრენი ბილიკები და აეროდრომები მწყობრიდანაა გამოყვანილი. იგივე ეხება საზღვაო პორტებსაც, სადაც დიდი ხომალდები და გემები იდგა. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა სამალავებში ჰყავთ გადამალული გამანადგურებელი თვითმფრინავები, ისევე როგორც მცირე ზომის სარაკეტო კატარღები. მათი გამოყვანა გარკვეულ პერიოდში შესაძლებელია, თუმცა ჰაერს ძირითადად ისრაელისა და ამერიკის საჰაერო ძალები აკონტროლებენ. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ირანმა გამოიყვანოს თავისი საბრძოლო დამალული არსენალი, რთულია - ნებისმიერი დიდი სამხედრო ობიექტი მაშინვე ნადგურდება, როგორც კი ფიქსირდება.
- რას იტყვით სახმელეთო ბრძოლასთან დაკავშირებით? ვის აქვს ამ შემთხვევაში უპირატესობა და ამერიკის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება იქნება თუ არა თვითმკვლელობის ტოლფასი?
- რა თქმა უნდა, სახმელეთო ბრძოლების კუთხით უპირატესობა ირანს ექნება. ირანს ფაქტობრივად ორი არმია ჰყავს: შეიარაღებული ძალები და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, რომელიც მეორე არმიაა. საერთო ჯამში, ირანს ნახევარმილიონიანი ჯარი ჰყავს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში 7 მილიონამდე ადამიანის მობილიზება შეუძლიათ. ასე რომ, სახმელეთო ბრძოლაში ირანის დამარცხება რამდენად შესაძლებელია, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
- ამერიკის შიდა პოლიტიკურ წრეებში ამ ომთან დაკავშირებით დაპირისპირებაა. საუბარია იმაზე, რომ ამერიკას შეუსრულებელი დავალებები დარჩა, ირანზე თავდასხმის მიუხედავად. დასავლელი ექსპერტები მიუთითებენ, რომ ამ ომმა შესაძლოა, უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ამერიკასა და მის მოკავშირეებს. რა მიზნებზეა საუბარი და რა მისია ვერ შესრულდა ბოლომდე ამ საჰაერო დარტყმებით?
- ფაქტია და ამას უკვე აღარავინ უარყოფს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნეთანიაჰუს თხოვნას, მოთხოვნას თუ შანტაჟს დაჰყვა. რაც უნდა დავარქვათ, ფაქტია, რომ ისრაელის მოთხოვნით მიიღო ტრამპმა ეს გადაწყვეტილება. რაც იყო ჩაფიქრებული, ე.წ. ბლიცკრიგი, რომ აიათოლა ხამენეის ლიკვიდაცია მოეხდინათ, ეს მოახერხეს. ასევე 50-მდე მაღალი თანამდებობის სამხედრო პირიც გაანადგურეს. თუმცა ვხედავთ, რომ აიათოლას რეჟიმი არ ჩამოშლილა. გარდა ამისა, დარტყმები მიდის სპარსეთის ყურის ქვეყნებზეც, რომლებიც თითქოს არაფერ შუაში იყვნენ. ისრაელს სურს აიათოლების ხელისუფლების ჩამოშლა, თუმცა ამის განხორციელება ძალიან რთულია. სახმელეთო ოპერაცია რომ ავიღოთ, ეს მიწაზე უზარმაზარი ომის დაწყებას ნიშნავს, რომელიც უკრაინის ომს საერთოდ გადაფარავს. ამისთვის ამ ეტაპზე მზად არ არის არც ამერიკა და არც ისრაელი.
- თუმცა, ბატონო ირაკლი, საუბარია კუნძულ ხარკის დაკავებაზე, რაზეც ამბობენ, რომ ტაქტიკურად შესაძლებელია, თუმცა სტრატეგიულად ეს „პანდორას ყუთია“. თუ ირანი აქ საზღვაო ნაღმებს გამოიყენებს, მსოფლიო ეკონომიკაზე უდიდესი დარტყმა იქნება და ნავთობის ფასები კატასტროფულად გაიზრდება.
- სპარსეთის ყურეში ბევრი კუნძულია და შესაძლებელია ამერიკელი საზღვაო ქვეითების გამოყენებით რომელიმე მათგანის დაკავება ჰორმუზის სრუტის გასაკონტროლებლად, რათა ნავთობითა და გაზით დატვირთული ტანკერები გაატარონ. თუმცა მხოლოდ კუნძულების აღებით სრული უსაფრთხოება ვერ დაიცვება. ირანს თავისი სანაპიროდან საარტილერიო ჭურვებითაც კი შეუძლია წარმატებას მიაღწიოს და ეს ტანკერები უბრალოდ ჩაძიროს. იქ, სადაც საარტილერიო სროლაა, არცერთი ტანკერი არ შევა, თვითმკვლელი არავინ არის. არცერთი საერთაშორისო კომპანია არ დააზღვევს ტანკერებს, რომლებმაც ორ ცეცხლს შუა უნდა გაიარონ. ასე რომ, ვითარების განმუხტვის რაიმე პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ირაკლი ალადაშვილი




