Logo

ირაკლი ალადაშვილი - უკრაინამ მიაღწია იმას, რომ ეს ომი უკვე დააბრუნა აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე

ინტერვიუუკრაინა
366
ირაკლი ალადაშვილი - უკრაინამ მიაღწია იმას, რომ ეს ომი უკვე დააბრუნა აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე

ფრონტის ხაზზე არსებული ფაქტობრივი "გაყინული პოზიციების“, რუსეთის საოკუპაციო ძალების ტაქტიკისა და უკრაინის მიერ განხორციელებული შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების ეფექტურობის შესახებ Front News-ს ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა.

- უკრაინული მხარის ცნობით, ალექსანდროვსკის მიმართულებაზე 745 კვ.კმ ტერიტორიისა და 26 სოფლის გათავისუფლება მოხერხდა. როგორ აფასებთ ამ ოპერაციის სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობას და რამდენად მიუთითებს ეს ფრონტის ხაზზე ინიციატივის უკრაინის ხელში გადასვლაზე?

- რუსეთ-უკრაინის ომის მე-5 წელს, ასე თუ ისე, ერთგვარი გაყინული ფრონტის ხაზი ჩამოყალიბდა. დაახლოებით 1200-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე აღარ მიმდინარეობს ისეთი მასშტაბური ბრძოლები, როგორიც ომის პირველ წლებში იყო. მიუხედავად ამისა, რუსეთი მაინც წინ არის და ინარჩუნებს ფრონტის ხაზზე უპირატესობას. რუსეთი საბრძოლო მოქმედებებით მაინც ცდილობს სლოვიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის აღებას როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ისე კონსტანტინოვკიდან. პუტინი უკვე ბოლო ორი-სამი წელია, მის აღებას ელოდება; ამით სურს როგორც რუსეთს, ისე მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ ამ ომში წარმატებას მაინც მიაღწია და უკრაინის დონბასი მთლიანად დაიპყრო. ეს შესაძლოა, ადრე თუ გვიან მოხდეს, მაგრამ ამას თვეები დასჭირდება და ისიც დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდებათ. რასაც ზელენსკი ამბობს, რომ გავათავისუფლეთო, საერთო ჯამში რამდენიმე ათეული კილომეტრია. ეს ფრონტის ხაზზე არსებულ საერთო სიტუაციასა და სურათს დიდად ვერ შეცვლის.

- თუმცა, რამდენად რეალურია, რომ ლოკალურმა წარმატებებმა ტაქტიკური უპირატესობა მაინც შექმნას ცალკეულ სექტორებზე?

- ტაქტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ასეთ გათავისუფლებულ მონაკვეთებს აქვს მნიშვნელობა, ეს აუმჯობესებს უკრაინული დანაყოფების პოზიციებს და აფერხებს მოწინააღმდეგის წინსვლას, თუმცა ოპერატიულ-სტრატეგიულ გარღვევაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია.

- უკრაინამ ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზასა და პორტზე, ასევე ორსკის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე (ფრონტის ხაზიდან ათეულობით კილომეტრში) კომპლექსური იერიშები მიიტანა. როგორ შეაფასებთ უკრაინული წარმოების შეიარაღების (რეაქტიული დრონ „პალიანიცას“, „ნეპტუნისა“ და საზღვაო დრონების) ეფექტურობას რუსეთის სამხედრო-ლოგისტიკური ჯაჭვის დაზიანებაში?

- ვხედავთ, რომ უკრაინამ სწორედ ამ პირობებში, კამიკაძე დრონების მასიური გამოყენებით მიაღწია იმას, რომ ეს ომი უკვე დააბრუნა აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე. თუ აქამდე მილიონობით რუსეთის მოქალაქე ამ ომს მხოლოდ ტელევიზორიდან ადევნებდა თვალს, ახლა ამის ნაცვლად საკუთარი სახლის ფანჯრიდან ხედავენ, თუ როგორ იწვის მათ კორპუსებთან მდებარე რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები.

მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინელების მიერ საჰაერო დარტყმების გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უშუალოდ რუსეთის სიღრმეში უფრო პოლიტიკური ნაბიჯიცაა. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ უკრაინას აგრესორის ტერიტორიაზე ომის დაბრუნება შეუძლია. ეს არის ასევე პროპაგანდისტულიც, თუმცა ეს ვერ მოახდენს ფრონტის ხაზზე კარდინალურ გავლენას.

შედეგი მაინც ის არის, რომ რაც უფრო მეტ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას შეაფერხებენ, რა თქმა უნდა, რუსებს დააკლდებათ საწვავი არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ რუსეთის საოკუპაციო ძალების ტექნიკასაც, რაც მათ შეტევაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ეს რაც შეეხებოდა შორ მანძილზე მოქმედ ტექნიკას. რაც შეეხება ახლო მოქმედების დრონებს, FPV ტიპის დრონები ისედაც ფართოდ გამოიყენება უშუალოდ ფრონტის ხაზზე ორივე მხრიდან; შესაბამისად, დღეში 10 000-ს და უფრო მეტსაც იყენებენ. ბოლო პერიოდში უკრაინელებმა დაიწყეს საშუალო სიშორის კამიკაძე დრონების გამოყენებაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს დრონები უშუალოდ ფრონტის ხაზის ახლო სიღრმეში უქმნიან რუსეთის საოკუპაციო ძალებს პრობლემებს.

საწვავის გადაზიდვის დროს უკრაინული დრონები მათ გაუვნებლებას ახდენენ. მათ აქვთ ხელოვნური ინტელექტის მსგავსი სისტემები, ისინი 100-დან 150 კილომეტრამდე აღწევენ ფრონტის სიღრმეში და როდესაც დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს, დამიზნების პროგრამაში ტანკის, სატვირთო ავტომობილის თუ ბენზინმზიდის სილუეტის აღმოჩენისას ოპერატორი ადასტურებს სამიზნეს და დრონი მას აფეთქებს. მალე გამოვა ისეთი დრონებიც, რომლებსაც ოპერატორის დადასტურებაც აღარ დასჭირდებათ.

- უკრაინული დაზვერვის ცნობით, კრემლი შემოდგომაზე ასობით ათასი ადამიანის ხელახალ მობილიზებას გეგმავს. არსებული სანქციებისა და შეიარაღების დეფიციტის ფონზე, რამდენად აქვს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამ მასშტაბის ცოცხალი ძალის ადეკვატურად აღჭურვისა და მომზადების რესურსი?

- ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთი დიდ მობილიზაციას აპირებს, გასულ წლებშიც ვრცელდებოდა. თუმცა ეს არ მოხდა, რადგან მობილიზაციის გამოცხადების ეშინიათ როგორც რუსეთში პუტინს, ისე უკრაინაში ზელენსკის. ჩვენ ვხედავთ, უკრაინაში მიკროავტობუსებით დადიან სამხედრო კომისრები და როგორი დაპირისპირება მოსდით მოსახლეობასთან. გვახსოვს როგორ მოაწყდნენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვარს, როდესაც პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მერე პუტინი მიხვდა, რომ ეს რუსულ საზოგადოებაში დიდ "რევოლუციას“ გამოიწვევდა და ამიტომაც შეაჩერა მასობრივი გაწვევა.

ამასთან, კრემლმა ასეთი რამ გააკეთა: დიდი ხელფასებითა და კომპენსაციებით დაიწყო რუსეთის არმიაში ხალხის მიზიდვა. რუსეთის სოფლებსა და ისეთ რეგიონებში იმდენი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც რეალური პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნიათ და მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ დილით არყის ფული იშოვონ, მათთვის მილიონი რუბლის მიცემა უდიდესი თანხაა. მათ ცოლები და ოჯახის წევრებიც ახალისებენ, რადგან იციან, რომ მათი დაჭრის ან დაღუპვის შემთხვევაში დიდ კომპენსაციას მიიღებენ. სწორედ ამის ხარჯზე ცდილობს რუსეთი ფრონტის ხაზის შევსებას. ამიტომ ფართომასშტაბიანი, ოფიციალური მობილიზაციის გამოცხადებას მე არ ველოდები.

- ამ კონტრაქტორების მომზადების დონე და აღჭურვილობის ხარისხი რამდენად პასუხობს თანამედროვე ინტენსიური ომის მოთხოვნებს?

- მათი მომზადების დონე საკმაოდ დაბალია, ხშირად მოკლევადიან წვრთნას გადიან. თუმცა რუსეთი აქცენტს აკეთებს რაოდენობრივ უპირატესობაზე და „ხორცშესხმულ იერიშებზე“, რაც უკრაინულ მხარეს დიდ რესურსს ახარჯვინებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ოკუპანტები კოლოსალურ დანაკარგებს განიცდიან.

- მიუხედავად უკრაინის წარმატებული კონტრშეტევებისა, რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებულ დარტყმებს. რა ტიპის საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე მოქმედი სისტემები სჭირდება კიევს კრიტიკულად, რათა სრულად ჩაკეტოს ცა და დაიცვას საკუთარი ქალაქები?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ასპროცენტიანი საჰაერო თავდაცვითი სისტემა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია და ვერც ექნება. მასიური და კომბინირებული საჰაერო თავდასხმის მოგერიება ურთულესია. „კომბინირებული“ ნიშნავს იმას, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომში ბალისტიკური, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების ერთობლივი შეტევა ხდება, ეს არის მოწინააღმდეგის საჰაერო სისტემის გადატვირთვის მცდელობა.

ახლა ზამთარში, რა თქმა უნდა, რუსეთი კიდევ უფრო გააძლიერებს დარტყმებს. მათი მცდელობა იქნება, დედაქალაქი და უკრაინის დიდი ქალაქები საერთოდ შუქისა და გათბობის გარეშე დატოვონ. რუსული ბალისტიკური რაკეტების მოგერიება ამ ეტაპზე მხოლოდ Patriot-ის ტიპის ანტირაკეტებს შეუძლიათ. კი ბატონო, არსებობს ისრაელის წარმოების სისტემებიც, რომელსაც ისრაელი უკრაინას არ აძლევს. სწორედ ამ ამერიკული "პატრიოტების“ იმედად რჩება ზელენსკი.

თეორიულადაც კი რომ მისცენ, მაინც არ არსებობს იმის ალბათობა, რომ ყველა რუსული ბალისტიკური რაკეტის მოგერიება მოხდეს. ბალისტიკის ჩამოსაგდებად მინიმუმ ორი ანტირაკეტა მაინც უნდა გაუშვა. ყოველ ღამე, როდესაც რუსეთი იგივე კიევს დაახლოებით 30 რაკეტით უტევს, მათ 60-მდე ანტირაკეტა მაინც სჭირდებათ მათ გასაუვნებელყოფად. ეს უკვე კოლოსალურ თანხებზეა საუბარი, რასაც ვერცერთი ქვეყანა ვერ გასწვდება.

ამიტომ, ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური მეთოდი მათი წარმოების ქარხნებზე თავდასხმაა, დივერსიული ან საჰაერო დარტყმები. მეორე გზაა, როდესაც ეს გამზადებული სარაკეტო დანადგარები უკვე საცეცხლე პოზიციებზეა განლაგებული, მათზე ოპერატიული შეტევა განხორციელდეს. მესამე კი, როგორც ვთქვით, უშუალოდ ანტირაკეტების გამოყენებაა. თუმცა ყველაზე მომგებიანი მაინც მათი უშუალოდ საცეცხლე პოზიციებზე განადგურებაა.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები