Logo

ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალური ოპერაციების სარდლობას 26 წლის იუბილე მიულოცა

სამხედრო
226
Frontnews image description

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და მებრძოლებს განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, სიმამაცისა და სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„თითოეული ჩვენგანისთვის საამაყოა, რომ დღეს სპეციალური ოპერაციების სარდლობა არის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის ქვედანაყოფი, რომელიც მუდმივად აძლიერებს საკუთარ პროფესიულ უნარებსა და სტანდარტებს, ასევე ღირსეულად მონაწილეობს სხვადასხვა სწავლებასა და საერთაშორისო ძალისხმევაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საიუბილეო ღონისძიებაზე, რეინჯერის მომზადების პროგრამის მე-15 ნაკადის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. რეინჯერებმა ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს. პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებითა და უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“ და „გენერალი კვინიტაძე“.

სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერეს.

Advertisement