ირაკლი კირცხალია - ევროკომისიის დასკვნის შემდეგ რომელ გაფართოების ფორუმზე უნდა იყოს საქართველო წარმოდგენილი?!

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ, სადაც არ ვიქნებით სათანადოდ მიწვეული, დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ იქ საერთოდ არ ვიქნებით წარმოდგენილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, რომელიც 15-16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმს ეხებოდა, რომელზეც საქართველო არ არის მიწვეული. ასევე, 16 ნოემბერს დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალის საკითხს, სადაც საქართველო მიწვეულია დაბალი რანგის წარმომადგენლობით.
"რომელ გაფართოებაზე ვსაუბრობთ, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ვნახეთ, რომელიც კიდევ ერთხელ, შეურაცხყოფა იყო ჩვენი ქვეყნის. ფუნდამენტურ მიმართულებებზეა საუბარი, თუნდაც სასამართლოს ვეტინგზე, თუნდაც იმ საკანონმდებლო ბაზაზეა საუბარი, რომელიც პირდაპირ იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას - გამჭვირვალობის კანონი; ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, იგივე ანტი ე.წ. ლგბტ კანონი; თვითნებურად დაკავებულებზეა საუბარი - ვინ არის თვითნებურად დაკავებული? პოლიციელის დამწველი და კონსტიტუციური შენობების დამწველია თვითნებურად დაკავებული?!“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა უარგუმენტო და პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
"ამ დასკვნის შემდეგ რომელ გაფართოების ფორუმზე უნდა იყოს საქართველო წარმოდგენილი?! ვციტირებ პრემიერმინისტრის სიტყვებს - არც ერთ შეხვედრას, სადაც არ იქნება საქართველო ღირსეულად წარმოდგენილი და მიპატიჟებული, საქართველო არ დაესწრება“, - განაცხადა კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




