ირაკლი კირცხალია - ქალბატონი ევროკომისრის "საგზაო რუკით“ ვინც ქვეყანაში არეულობა დააპირა, ახლა საპატიმროებიდან საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

ავტორი
Frontnews საქართველო
ქალბატონი ევროკომისრის "საგზაო რუკით“ ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპატიმროებში სასჯელს იხდიან და საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ საქართველო გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს.
ირაკლი კირცხალიას თქმით, საქართველოს "საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას, რომლითაც აუცილებლად ყველა წარმატებას მიაღწევს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ არა ნებისმიერი ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე.
"ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვას დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს.
თუ დღეს ბრიუსელში "წინსვლად“ ითვლება ის, რამდენად უსიტყვოდ ასრულებს ქვეყანა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს, მაშინ ეს უკვე დამსახურებაზე დაფუძნებული ევროპული ინტეგრაცია კი არა, უსიტყვო მორჩილების შეფასებაა.
საქართველოს ხელისუფლებამ არა ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება შეუძლია, მაგრამ ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემა.
ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას "ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!
ჩვენ პატივს ვცემთ იმ ევროპას, სადაც საქართველოს პატივს სცემენ როგორც თანასწორ სახელმწიფოს და არა ქვეყანას, რომელსაც გარედან უთითებენ, რა უნდა დათმოს იმისთვის, რომ "კარგი მოსწავლის“ სტატუსი დაიმსახუროს.
და ბოლოს, ქალბატონი ევროკომისრის "საგზაო რუკით“ ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპატიმროებში სასჯელს იხდიან და საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. საქართველოს "საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას, რომლითაც აუცილებლად ყველა წარმატებას მიაღწევს", - წერს ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




