ირაკლი კირცხალია - როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება

ავტორი
Frontnews საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას აფასებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც არის შეყვანილი.
კირცხალიას განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ორგანიზაციის ამგვარი შეფასებები აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტებს, რაც სუვერენული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების მიმართ არსებობს.
"არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ამ ორგანიზაციის შეფასებები ნათლად აჩვენებს იმ დამოკიდებულებას, მათ შორის ორმაგ სტანდარტებს, რაც სუვერენული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების მიმართ არსებობს. ანუ, როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს და არ თმობს სუვერენიტეტს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება სხვადასხვა იარლიყების მიწებების მცდელობაა. ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია“.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არა პირადი მოსაზრება, ან შეხედულება, არამედ დადასტურებული ფაქტია, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და მათი მმართველობის პერიოდის საქართველოს დემოკრატიულ წარმატებად წარმოჩენა.
"მეტი თვალსაჩინოებისთვის საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის პერიოდში, როდესაც ამ არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ ძალას სახელმწიფო ჰქონდა მიტაცებული, ყველა მსხვილი მედია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობა ჰქონდა, ერთი პოლიტიკური პარტიის სრულ კონტროლსა და გავლენას ექვემდებარებოდა. დამოუკიდებლობისგან სრულად დაცლილი მედია მმართველი პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად ფუნქციონირებდა. საინფორმაციო სივრცეში არ არსებობდა პლურალიზმი, რეჟიმისგან განსხვავებული პოზიცია და კრიტიკული აზრი კი იმდენად მიუღებელ და დანაშაულებრივ მოვლენად იყო ქცეული, რომ ამ თემაზე ღიად საუბარიც კი წინააღმდეგობის გაწევისა და პირადი გამბედაობის, ლამის გმირობის გამოხატულებად იქცა. ქვეყანაში არ არსებობდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჩამოყალიბებული იყო საინფორმაციო მონოპოლია, სადაც საზოგადოებას რეალობის მხოლოდ ერთი, მმართველი ძალისთვის სასურველი ვერსია მიეწოდებოდა, მისი არ მიღების შემთხვევაში კი, სასჯელი გარანტირებული იყო!
ამ ფონზე, ასეთ ავტორიტარს და მის რეჟიმს, რომელმაც როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით - ჯოჯოხეთი გამოატარა ჩვენს ქვეყანას და ხალხს, „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ, მათი მმართველობის პერიოდს კი საქართველოს დემოკრატიულ წარმატებად წარმოაჩენდნენ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა მანამ, სანამ ეს რეჟიმის უცხოელი პატრონებისთვის იყო სარგებლის მომტანი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




