ირაკლი კირცხალია - საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის

ავტორი
Frontnews საქართველო
ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც საქართველოს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს და პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თითოეული გადაწყვეტილების დროს მთავარი კითხვა არ იქნება, თუ ვის მოეწონება ეს ქვეყნის გარეთ, არამედ რას მოუტანს ის საქართველოს.
როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნა, ვინც არ უნდა სცადოს საქართველოსთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა, საქართველოს ეროვნული ინტერესი კომპრომისის საგანი ვერ გახდება.
"რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან წარდგა მსოფლიო ლიდერების წინაშე.
ეს გამოსვლა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიციის მკაფიო დეკლარირება მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და საკუთარი ქვეყნის ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ ამოცანას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას. მისი მიმართვა ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გზა არის დიალოგი, შერიგება, ნდობის აღდგენა და ერთმანეთის დაბრუნება!
სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ომის ფასი. ამიტომ, როდესაც მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის პოლიტიკური ლოზუნგი და არც ვინმეს წინაშე გამოვლენილი სისუსტე. პირიქით დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება სიმტკიცე, პრინციპულობა და გონიერება.
ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც საქართველოს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს და პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.
საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ეს პრინციპი ჩვენთვის არ იცვლება იმის მიხედვით, თუ საიდან მოდის პოლიტიკური წნეხი, ვის რა ინტერესი აქვს რეგიონში ან რა პოლიტიკური კონიუნქტურაა დღეს ამა თუ იმ დედაქალაქში.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენს პოლიტიკურ გუნდს თავიდანვე ჰქონდა მკაფიო დაკვეთა ქართველი ხალხისგან, რომ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ქვეყანას; ხელისუფლება უნდა იცავდეს მშვიდობას; გადაწყვეტილებები კი უნდა მიიღებოდეს არა უცხო ინტერესების, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
ეს დაკვეთა დღესაც ძალაშია. ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. ვერ გადაგვახვევინებს ვერც საგარეო ზეწოლა, ვერც შიდა პოლიტიკური რადიკალიზმი და ვერც ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკას მუდმივად სხვისი ინტერესებისა და სხვისი დღის წესრიგის პერსპექტივიდან უყურებენ.
სწორედ აქ არის ჩვენი პოლიტიკური განსხვავება იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, მაგრამ საქართველოს ინტერესზე მაღლა აყენებენ გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ შესაძლებლობა, მშვიდობის ფასად გამოცადოს საკუთარი პოლიტიკური სცენარები ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მომავალ თაობას გადავცეთ არა ომით დაქუცმაცებული და დაპირისპირებული, არამედ ძლიერი, განვითარებული და ერთიანი საქართველო.
ვინც არ უნდა სცადოს საქართველოსთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა და როგორი პოლიტიკური ფასიც არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაცვას, საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი.
ამიტომ თითოეული გადაწყვეტილების დროს მთავარი კითხვა არ იქნება, თუ ვის მოეწონება ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთ, არამედ რას მოუტანს ის საქართველოს", - განაცხადა კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




