ირაკლი კობახიძე ალი ასადოვს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
"ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.
აღინიშნა, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია და ამას ექსპორტ-იმპორტის მზარდი მონაცემებიც ადასტურებს. საუბარი ასევე შეეხო საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში აქტიურ თანამშრომლობას. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ენერგეტიკული მიმართულებით წარმატებულ პარტნიორობას, რასაც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის პერსპექტივები და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონული სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




