Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა, რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის

პოლიტიკა
130
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა, რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის

2023 წლის იანვარში, ევროკომისიამ შეფასება გამოაქვეყნა ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო უსწრებდა მოლდოვას დიდი უპირატესობით, ყველა პარამეტრით - დემოკრატია, ეკონომიკური საკითხები და ა.შ. უკრაინა, გასაგებია, ომში იყო, ასევე უსწრებდა ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მიუხედავად ამ ობიექტური შეფასებისა, საქართველოს არ მიანიჭეს  სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა, რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაში ჩართეს ევროპული ბიუროკრატია, რასაც მოჰყვა რევოლუციის მცდელობა.

"საინტერესო რა იყო, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ გვითხრა უარი კანდიდატის სტატუსზე და მის მიერვე დაფინანსებული „ენჯეოები“ ჩაუდგნენ სათავეში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს. მაშინ პარტიები არც კი ავიდნენ სცენაზე, ასეთი გეგმა იყო, მხოლოდ „ენჯეოები“ ავიდნენ სცენაზე, ისევ წინა ამერიკული ადმინისტრაციიდან და ევროპული ბიუროკრატიიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა ამ გაუგებარი გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე მოითხოვეს მათი უშუალო მონაწილეობით მთავრობის შექმნა და ვეტოს უფლება მინისტრობის კანდიდატებზე. ანუ, „ენჯეოებს“ უნდა ჩამოეყალიბებინათ მთავრობა იმის გამო, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს არის მძიმე კონტექსტი, რაც წინ უძღოდა ამ ყველაფერს. ამის შემდეგ პროცესი გრძელდება კიდევ წელიწად-ნახევარი, ჯერ იყო 12 პუნქტი, მერე 9 პუნქტი, ყველაფერს ვაკეთებდით, ორად ორი რამ არ გავაკეთეთ ამ პუნქტებიდან - ეს იყო ის, რომ ჩვენ უნდა გადაგვეცა სუვერენიტეტი სასამართლოს მიმართ და ცესკოს მიმართ ოპოზიციისთვის, რომელიც ჩვენი აღქმით არის გარე ძალების აგენტურა. 

წარმოიდგინეთ ცესკო, სადაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ამ დროს იდება ის შედეგი, რომელიც დაიდო, 54 % მივიღეთ წინა არჩევნებში და ოპოზიციას აქვს უმრავლესობა ცესკოში, რომელიც მერე მანდატებს ხევს და პარლამენტშიც კი არ შემოდის. ხომ ძალიან მარტივი დასადგენია, რა იქნებოდა მათი პოზიცია. როგორც უარგუმენტოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, ისე ყოველგვარი არგუმენტის გარეშე არ გაფორმდებოდა არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. ეს იყო ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ, ანუ ცესკოზე სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ დავთმეთ და მეორე მოთხოვნა, რაც შედიოდა ამ 12 და 9 პუნქტში და არ გავაკეთეთ, დანარჩენი კეთდებოდა ყველაფერი, ეს უკავშირდებოდა სასამართლო სისტემას. ითხოვდნენ ე.წ. „ვეთინგს“, რაც გულისხმობდა იმას, რომ უნდა ყოფილიყო პირობითად 5-კაციანი ჯგუფი, და ასეთ ჯგუფში, მაგალითად მოლდოვაში ჩართული ჰყავთ სწორედ ამ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ქალბატონი წოწორია, ჰყავდათ ყოველ შემთხვევაში და ერთ-ერთი უცხოელი ექსპერტი 5-დან იყო წოწორია. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში ხუთ პირობით წოწორიას, უცხოელს უნდა გაეთავისუფლებინა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები და თვითონ უნდა დაენიშნათ ჩვენი მოსამართლეები. სუვერენიტეტის ამაზე მეტი ხელყოფა რა არის. ორად ორი რამ, პრინციპული რაც იყო, არ გავაკეთეთ, ანუ არ დავთმეთ ცესკოს მიმართ და სასამართლოს მიმართ სუვერენიტეტი, ეს იყო რაც ჩვენ გავაკეთეთ. ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი, რომ დაინახეს, რომ ჩვენ გვქონდა პრინციპული პოზიცია და კანდიდატის სტატუსმა დაკარგა ძალა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, ბრძოლის შედეგად. 

ასევე შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არ შემოდიოდა სამუშაო ჯგუფებში და ბოიკოტს უცხადებდა. მარტო ვმუშაობდით, პრაქტიკულად. 4 შემოვიდა თუ არ ვცდები საპარლამენტო პარტიებიდან, 4 არა. საბოლოო ჯამში ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ, ახალი საარჩევნო კოდექსი დაიწერა, ხმა მისცა ოპოზიციამ საარჩევნო კოდექსს, სხვა კანონები დაიწერა, ამასაც იმ პარტიებმა ხმა მისცეს და ა.შ. და საბოლოო ჯამში, წელიწად-ნახევარში, დიდი ბრძოლით, ჩვენ მივიღეთ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი, ოღონდ მაშინ, როდესაც უკვე ამ სტატუსმა დაკარგა საბოტაჟის ძალა. ეს იყო 2023 წლის ბოლოს“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები