ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება გიორგი ზურაბაშვილი

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
"რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.
ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალზე გამოცდილი დიპლომატი. წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის 1 ივლისს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.
დარწმუნებული ვართ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




