Logo

ირაკლი კობახიძე - რუსთავის არტ-პავილიონი კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს

პოლიტიკა
622
Frontnews
ირაკლი კობახიძე - რუსთავის არტ-პავილიონი კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს

დღეს რუსთავისთვის განსაკუთრებული დღეა, ერთად ვხსნით სივრცეს, რომელიც ქალაქის კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა 11 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის მნიშვნელობას, რომლის განხორციელების შედეგად შენობამ ისტორიული იერსახე სრულად შეინარჩუნა.

"ეს შენობა იმდენივე წლისაა, რამდენისაც არის თავად ქალაქი რუსთავი. 1948 წელს, როდესაც რუსთავს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, სწორედ აქ აშენდა კულტურის სახლი. აქ იდგმებოდა პირველი სპექტაკლები, იმართებოდა პირველი კონცერტები. ამ სცენაზე მოღვაწეობდნენ ქართული ხელოვნების  გამორჩეული მოღვაწეები,  მათ შორის მედეა ჯაფარიძე და ჰამლეტ გონაშვილი. აქვე იწყებდნენ შემოქმედებით გზას ლეგენდარული ანსამბლი „რუსთავი“ და ჯგუფი „ბერმუხა“. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ეს შენობა დღეს ახალ სიცოცხლეს იძენს. ეს პროექტი რუსთავის მერის, ქალბატონი ნინო ლაცაბიძის ინიციატივით დაიწყო და  რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ეს არის  11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელიც  წარმატებით განხორციელდა. რაც მთავარია, შენობამ სრულად შეინარჩუნა ისტორიული იერსახე, თუმცა შინაარსითა და ტექნოლოგიური აღჭურვილობით სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტებზე გადავიდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რუსთავის არტ-პავილიონში მოეწყო დარბაზი უახლესი აკუსტიკითა და განათებით, სარეპეტიციო სივრცეებით, ხმის ჩამწერი სტუდიით და ღია ამფითეატრით.

"განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ აქ კვლავ ბრუნდება ანსამბლი „რუსთავი“, აქ დაიდებს ბინას ანსამბლი „თუთარჩელა“, გაიხსნება მიუზიკლის აკადემია და ამოქმედდება საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებისთვის. დარწმუნებული ვარ, არტ-პავილიონი კვლავ გახდება რუსთაველებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ცენტრი - ადგილი, რომელიც ტრადიციასა და თანამედროვეობას, კლასიკურ ხელოვნებას და ახალგაზრდულ შემოქმედებით ენერგიას ერთმანეთთან დააკავშირებს.

მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროექტის განხორციელებაში. წარმატებებს ვუსურვებ ამ სივრცეს და თითოეულ თქვენგანს!“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები