ჯუმბერ ბაჩალიაშვილი - მოვითხოვთ, გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით და დაიწყონ გამოძიება

ავტორი
Front News საქართველო
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურას ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ეჭვობს, რომ საქმის დეტალები ირაკლი ღარიბაშვილმა იცის.
"თავიდან გადავწყვიტეთ, შევიტანოთ განცხადება და დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები, ვინც შეუკვეთა. თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს, ძალიან ბევრი ლაფსუსია საქმეში. საქმეს ვურთავ ამ სამარცხვინო განჩინებებს, რომელიც შოთაძის პერიოდში გასცა პროკურატურამ.
მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი იცის ღარიბაშვილმა და ეს არის მისი ვაჭრობის საგანი. ამას უსაბუთოდ არ ვამბობ, "ვილა ალგეთის" მეპატრონე იყო ღარიბაშვილი, რომელმაც არ უარყო ნათესაური კავშირი ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ საეჭვო ვითარებაში გაქრა, კაცი, რომელიც იძახდა, რომ თქვენი შვილი მოკლეს.
ორი ვარიანტი აქვთ - ან გამოიძიონ თავიდან ეს საქმე და აღიარონ, რომ თამარი მოკლეს, ან თქვან, რომ თავიანთი მოკლულია თამარი, სუსის მიერ", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით კი, მისი შვილის მკვლელობა შეკვეთილია.
"ჩემი შვილი მთავრობამ მოკლა. ხომ იძახდნენ, ლილუაშვილი არ არის ქოლცენტრებშიო, ახლა ვენებს იჭრიან, ლილუაშვილი ყოფილაო. არაფერი არ გამოძიებულა ამ საქმეში. ერთადერთ, რაც ზუსტია, თამარ ბაჩალიაშვილის სახელი და გვარია, მეტი არაფერი. მოვითხოვთ, გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით და დაიწყონ გამოძიება. ბევრი ფაქტები გვაქვს, თვითონ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და არაკაცი გომელაურიც, რომელიც ყველაზე ბევრ ინფორმაციას ფლობს, იტყვიან ყველაფერს, ალბათ", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.
თაგები:
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი




