Logo

“კარგად გაითავისონ მათი წილი პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ გადაწყვეტილებას საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით”

პოლიტიკა
623
Frontnews image description

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციონერმა წევრებმა საკრებულოში ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

 

“თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები ვეხმაურებით, შალვა რამიშვილის მიერ რამდენიმე ქალის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებს, რომლებიც სწორედ სავარაუდო მსხვერპლთა გამბედაობისა და სიმამაცის შედეგად გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. 

 

იმის გათვალისწინებით, რომ შალვა რამიშვილი არის “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიის “პოსტივის“ დამფუძნებელი და წამყვანი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო და მისი თავმჯდომარე დუმს ამ ფაქტებთან დაკავშირებით.

 

მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებიათ პოზიცია ან განცხადება ქალთა მიმართ შალვა რამიშვილის მიერ სავარაუდოდ, განხორციელებულ სექსუალური შევიწროების საკითხზე.

 

უფრო მძაფრი და შემაშფოთებელია ხელისუფლების წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილის პოზიცია, რომლებიც შალვა რამიშვილის დაცვის მოტივით, საერთო ოცნებისეული ნარატივით ცდილობენ სავარაუდო მსხვერპლთა დამცირებასა და შეურაცხყოფას. 

 

ჩვენთვის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საბჭომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე დგას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი კი სწორედ ამ საკითხს ეხება. ამ პროცესში აუცილებელია ფაქტების ობიექტური გამოძიება, სავარაუდო მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადება, რათა ეს გახდეს წამახალისებელი სხვა ქალებისთვის, რომლებთაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ძალადობაზე საჯაროდ საუბარი. 

 

იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და ზოგადად საბჭო არ გაითვალისწინებს ჩვენს მოწოდებებს და შეინარჩუნებს დუმილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ის იმართება “ქართული ოცნებისა” და “პოსტივის” დირექტივებით და ნებისმიერი მოქმედება მათ მიერ განხორციელებული იქნება ფორმალური და მოჩვენებითი. შესაბამისად, ჩვენ არ გვსურს ამ ფორმალურ, “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ პროცესებში მონაწილეობა. 

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საბჭოს, კარგად გაითავისონ ქალთა ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების მიმართულებით მათი წილი პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიღებთ გადაწყვეტილებას საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით”, – განაცხადეს ბრიფინგზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები