Logo

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მეცხრე კონფერენცია ამბროლაურში გაიმართა

პოლიტიკა
57
Frontnews image description

"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება.

რიგით მეცხრე კონფერენცია რაჭაში, ამბროლაურში გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები ამჯერად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათთვის საჭირბოროტო თემებზე ისაუბრეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოისმინეს მათი ხედვები და პოზიციები, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ კონფერენციების მიზანია სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებში. ასევე, ხაზი გაესვა, რომ შეხვედრების ფარგლებში გაჟღერებული იდეები სამუშაო რეჟიმში გადადის და მათი განხორციელებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

შეხვედრის მთავარი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, სადაც ძირითად თემებად დასაქმება და განათლების რეფორმა დასახელდა. მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდების როლზე ქვეყნის, რეგიონისა და ქალაქის განვითარებაში. ასევე, მიმოიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. დისკუსიისას ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ახალგაზრდული ცენტრების საჭიროებაზე.

„მათი ხედვები, სამომავლო გეგმები საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მოთხოვნები, სურვილები, ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის – ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გარდა, შეხვედრები გაიმართა კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.

ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები საქართველოს ათ რეგიონში იმართება და ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში ხვდებიან. დასკვნით ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.

ინფორმაცია „ქართული ოცნება“ ავრცელებს. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები