Logo

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო - 18 ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებაში ერთ-ერთი დეზინფორმაცია უკავშირდება რადიკალი პოლიტიკოსების დაპატიმრებას

პოლიტიკა
175
Frontnews image description

18 ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებაში მოცემული ერთ-ერთი დეზინფორმაცია უკავშირდება რადიკალი პოლიტიკოსების დაპატიმრებას, რომელსაც „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ და მის მიზნად ადგილობრივი არჩევნების წინ „პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას“ ასახელებენ,  -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

პოლიტსაბჭო ევროპელ ჩინოვნიკებს შეახსენებს, რომ კანონი, რომლის საფუძველზე პოლიტიკოსებს პატიმრობა შეეფარდათ, საქართველოში სამი ათეული წლის წინ მიიღეს და სრულ შესაბამისობაშია ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებთან.

განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ რადიკალი პოლიტიკოსების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ სრულ უპატივცემულობას, ევროპელი ჩინოვნიკები მდუმარე მხარდაჭერით შეხვდნენ.

"პირველ რიგში, ყველას უნდა შევახსენოთ, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავდნენ/გეგმავენ. ხელმომწერ ჩინოვნიკებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსებს პატიმრობა შეეფარდათ, საქართველოში სამი ათეული წლის წინ არის მიღებული და ის ევროპულ პრაქტიკას და სტანდარტებს სრულად შეესატყვისება. შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეები სრულიად მარტივი და გამჭვირვალეა. კონკრეტული პოლიტიკოსები არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რისთვისაც კანონმდებლობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამ დანაშაულისთვის მათ 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ვინც გამოცხადდა, მას არც არავითარი სასჯელი შეფარდებია. მეტიც, სწორედ თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალებდა ყველა პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა და შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც რადიკალმა პოლიტიკოსებმა გამოხატეს სრული უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რასაც ევროპელი ჩინოვნიკები მდუმარე მხარდაჭერით შეხვდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement