Logo

"ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

პოლიტიკა
258
Frontnews image description

"ქართული ოცნების“ მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, რომელიც სტრატეგიულ შეხვედრებს ატარებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, - ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პოლიტიკოსებმა, მრავალსექტორული შეხვედრები გამართეს ჩინეთის მმართველ პარტიასთან, ჩინეთის სახალხო კონგრესთან, განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან (CLEC), ჩინეთის სავაჭრო პალატასთან(CCTIP), შენჟენის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებთან.

"საქართველო განიხილება როგორც გეოსტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო „შუა დერეფნის“ მთავარ ქსელურ კვანძს. ტრანზიტული ინფრასტრუქტურის ფუნქციური მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის შემდეგ, რაც გამოიხატა ტვირთბრუნვის 30-პროცენტიანი ზრდით. ევროკავშირის ოფიციალური პოზიციები ადასტურებს რეგიონული თანამშრომლობის საერთაშორისო მნიშვნელობას. ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს ევროპულ ბაზრებთან დაკავშირების ალტერნატიული მექანიზმის ფორმირების კომპონენტს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ჩრდილოეთი სატრანსპორტო არხების ფუნქციონირების შეზღუდვების გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ვიზიტის ძირითად მიზნებს შორისაა პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის სოციო-ეკონომიკურ ინტერესს და საქართველოს მზადყოფნას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი როლი შეასრულოს. საქართველოს, როგორც ტრანზიტული სახელმწიფოს შესაძლებლობები ხაზს უსვამს მის სისტემურ მნიშვნელობას ევრაზიული ვაჭრობის ახალ კონფიგურაციაში, სადაც უზრუნველყოფილია 2.3 მილიარდ მომხმარებლის ბაზართან წვდომა თავისუფალი ვაჭრობის მრავალმხრივი შეთანხმებების ინსტრუმენტების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დღეს შუა დერეფნის საკითხი უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„შუა დერეფნის მნიშვნელობაზე დიდი ხანია, საუბრობენ, მაგრამ დღეს ეს თემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველასთვის – როგორც აღმოსავლეთისთვის, ასევე დასავლეთისთვის. ამ ორი ბაზრის დაკავშირება ვერ მოხდება შუა დერეფნის გარეშე. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შეესაბამება ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარებისთვის საჭირო სტანდარტს და საქართველოს მეშვეობით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, რაც უპირველესად პოზიტიურად აისახება ქართველი ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური საბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

თაგები:

ჩინეთი
Advertisement