"ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას, რაც ასევე მიუღებელია"

ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის ელჩის გარეთ უორდის საგარეო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
"2026 წლის 26 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში ქართული ტელეკომპანიების, „იმედის“ და „პოსტივის“ ჩართვასთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს სთხოვა განმარტება, რა ინფორმაცია დაედო საფუძვლად აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ, ლონდონს თბილისიდან მიეწოდება.
აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას, რაც ასევე მიუღებელია საქართველოსთვის, სადაც განსხვავებული მედიასაშუალებები თანაბრად თავისუფალ სივრცეში არსებობენ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





