Logo

ქეთევან ბაკარაძე - უნდა არსებობდეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მედიკამენტების მარაგები, რომ პაციენტები და მათი მშობლები ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ

პოლიტიკა
423
Frontnews image description

წლიდან წლამდე ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის ზრდა შთამბეჭდავია (რიცხვი), თუმცა ამ ფაქტის პირდაპირპროპორციულად ხარისხიან სერვისებზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მცირდება, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ინსულინის დეფიციტი  ერთ-ერთი გამოვლინებაა უფრო ფართო სისტემური პრობლემების.

"ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი თემა, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტუალურია, არის მგრძნობიარე, ვინაიდან საქმე სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატის, ინსულინის ერთ-ერთი სახეობის მოწოდების კრიზისს ეხება. დანიური წარმოების ინსულინის დეფიციტი განსაკუთრებით პრობლემური  0–დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა. ამ პრეპარატის ანალოგი ქვეყანაში არ არსებობს, ვინაიდან თავისი ტექნიკური სპეციფიკით, (მაგ. დოზის რეგულირება, მინიმუმამდე დაყვანილი პოტენციური გართულებების რისკი) სრულად არის მორგებული ამ ასაკობრივ კატეგორიას. ამის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას ვერ ხედავს და გამოსავლის სახით,ალტერნატივად, სრულიად სხვა მახასიათებლის ინსულინს სთავაზობს.

როდესაც ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის ერთადერთი მომწოდებელი გყავს 12 წლის განმავლობაში, როდესაც პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტი არსებობდა, როდესაც ამ პროვაიდერის გამართულ საქმიანობაზეა ათასობით ბავშვის სიცოცხლე დამოკიდებული, რისკები გადაზღვეული უნდა იყოს, უნდა არსებობდეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მედიკამენტების მარაგები ქვეყანაში, რომ პაციენტები და მათი მშობლები ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.

ინსულინის დეფიციტი ცალსახად ერთ-ერთი გამოვლინებაა უფრო ფართო სისტემური პრობლემების. გადასამოწმებელი რისკი იზრდება.

მოგეხსენებათ, 2013 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც იმ პერიოდში ჯანდაცვის სექტორში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე,რეალურად რევოლუციური იყო და სამართლიანადაც გახდა ქვეყნის  სავიზიტო ბარათი. თუმცა, წლების განმავლობაში პროგრამამ იმხელა ტრანსფორმაცია განიცადა, რომ თავისი უნივერსალური მოცვისა და ხელმისაწვდომობის კონცეფცია სრულიად დაკარგა, ის დიდი ხანია აღარაა  საყოველთაო.

წლიდან წლამდე ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის ზრდა შთამბეჭდავია( რიცხვი), თუმცა ამ ფაქტის პირდაპირპროპორციულად ხარისხიან სერვისებზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მცირდება, სამაგიეროდ კატასტროფულად იზრდება მოქალაქის ჯიბიდან გადასახდელი. მედიკამენტების ფასები წარმოუდგენლად მაღალია. და ამ დროს, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მისაღებად ჩვენი თანამოქალაქეები მასიურად ტოვებენ ქვეყანას (შრომითი მიგრაციის შემდგომ) ყველაზე ხშირი მიზეზით. 
  
გარდა ემიგრაციისა, საზღვარგარეთ მკურნალობის დასაფინანსებლად ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფოს  ხარჯი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე მუნიციპალიტეტის მერიის. გასაგებია, როდესაც საუბარია იმ ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის ანალოგი ამ ქვეყანაში არ სრულდება( ცალკე პრობლემაა ეს დარგები რომ არ ვითარდება), მაგრამ საუბარია ისეთი ტიპის სერვისებზე, რომლის მიღების რესურსი ადგილზეც არის შესაძლებელი. ეს ბევრ რამეზე მიუთითებს, სისტემის მიმართ პაციენტების უნდობლობაზე. 

შეისწავლეთ თუნდაც მედიკამენტების იმპორტის სტრუქტურა, სახელმწიფო ტენდერები, სატარიფო პოლიტიკა, ვინ ადგენს თამაშის წესებს, გამოაცხადეთ სისტემური კორუფციის და მონოპოლიის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა და გადადგით პირველი ნაბიჯები“, - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები