Logo

ხათუნა სამნიძე – “ქართული ოცნების” იმიჯზე ჩვენ არ ვზრუნავთ, ჩვენ ვზრუნავთ ქვეყნის იმიჯზე და საქართველოს პოზიციონირებაზე

პოლიტიკა
01.02.2022 / 13:40
Frontnews image description

ერთობლივი რეზოლუციის მიღების მცდელობა ჩვენი მხრიდან ემსახურებოდა არა “ქართული ოცნების” იმიჯის გადარჩენას, არამედ ჩვენი ქვეყნის იმიჯზე ზრუნვას, – ამის შესახებ Front News-ს  “რესპუბლიკური პარტიის” დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების საკითხზე განუცხადა. 

 

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” უკვე განაცხადა, რომ არ სჭირდება ერთობლივი რეზოლუციის მიღება, თუმცა არ თანხმდება საკითხის პერსონალურ კენჭისყრაზე დაყენებას, რომ გაირკვეს,  ვინ არ არის მომხრე რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერის.

 

“ქართული ოცნების” იმიჯზე ჩვენ არ ვზრუნავთ, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის იმიჯზე და საქართველოს პოზიციონირებაზე.  ეს იყო ჩვენი მიზანი და ამიტომ ვიმუშავეთ ერთად,  რომ რეზოლუცია ყოფილიყო ერთობლივი. რისკები, რომლის წინაშეც დგას უკრაინა, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების საკითხს და საქართველოს პოზიცია ამ რთულ ვითარებაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. 

 

ბოლო შეხვედრაზე “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ მისი მიზანი არ არის მაინცდამაინც ერთობლივი პოზიციის მიღება, სამწუხაროდ,  და შესაბამისად ტექსტის ავტორები მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან. მაგრამ,  როდესაც საქმე ეხება პერსონალურ პასუხისმგებლობას, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი, თუ ვინ არ არის მომხრე, რომ რუსეთი ჩაიწეროს რეზოლუციაში, ამ კენჭისყრას “ქართული ოცნება” არ ატარებს, არღვევს რეგლამენტს, არღვევს კანონს და კენჭისყრაზე ისე გადის საკითხი, არც ეკითხება ოპოზიციას, მომხრე ვართ, თუ თავს ვიკავებთ. მმართველი ძალა ყველაფერზე მიდის,  რომ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია  არ ჩაიწეროს” , – განაცხადა სამნიძემ.

 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიუხედავად ამისა,  ოპოზიცია გადაწყვეტილებას არ შეცვლის და ალტერნატიულ პროექტს არ დააინიცირებს.

Advertisement