კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 34 დაშავდა - 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

ავტორი
Front News საქართველო
20 აგვისტოს, კიევზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიევის მერი ვიტალი კლიჩკო წერს.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 34 ადამიანი.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა როგორც საცხოვრებელი შენობები, ისე სკოლა და ბავშვთა საავადმყოფო, ასევე საწყობები, დაიწვა ავტომობილები, ავტოფარეხები და მაღაზია.
21 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საჰაერო თავდასხმის განგაში უკრაინის დედაქალაქში 8 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.
კიევის ოლქში (ბორისპოლისა და ბროვარის რაიონებში) ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. დაინგრა ოთხი კერძო სახლი და დაზიანდა კიდევ ოთხი. ასევე განადგურდა სამი ავტომობილი და დაზიანდა ერთი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ მასშტაბური დარტყმისთვის. მტერმა გააერთიანა სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები და დრონები, რათა მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის.
მისივე თქმით, რუსეთმა დრონები გამოიყენა ოდესის რეგიონში მოლდოვასთან სასაზღვრო პუნქტზე და ჩერნიგოვის რეგიონში გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის.
"სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





