Logo

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

სამართალი
391
Frontnews
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.

"ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

მეორე  სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა ა.ლ.-მ, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი გამოართვა.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ოპერატორმა ბ.ზ.-მ, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით - კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები