ლანა ღოღობერიძე – დღეს, როდესაც ვიცით, როგორი რეალურია საფრთხე რუსეთიდან, შეიძლება ერთმანეთს ვებრძოლოთ?!

ავტორი
Front News საქართველო
ყველაზე მეტად იცით, რა მიკვირს? დღეს, როდესაც ვიცით, როგორი რეალურია საფრთხე რუსეთიდან, შეიძლება ერთმანეთს ვებრძოლოთ?! – ამის შესახებ კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შერიგებაზე საუბარი რიტორიკის დონეზე მაინც დაიწყო.
“მიხარია, რომ დაწყებულია რიტორიკის დონეზე მაინც საუბარი შერიგებაზე. იქნებ ახლა, ამ წუთში ეს ვერც განხორციელდეს და ალბათ, არ განხორციელდება, მაგრამ პერსპექტივაში ეს არის არსებობის არსი… თუ დაინახავ სხვა ადამიანებს, გაიზიარებ მათ ტკივილს, შეუძლებელია სიძულვილით იყო აღვსილი და რაღაცა ამ შეურიგებლობით”, – აღნიშნა ღოღობერიძემ.
მისივე თქმით, საბჭოური გადმონაშთია სიძულვილი და განსხვავებულად მოაზროვნეებში მტრის დანახვა.
ღოღობერიძის განცხადებით, წარმოუდგენელად შემაშფოთებელია განცხადებები, რომელსაც დასავლეთისაგან იზოლაციისკენ მივყავართ.
“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ოპოზიცია აუცილებელია, ოპოზიციის გარეშე დაიღუპება ქვეყანა, ისევ საბჭოთა კავშირში შევალთ. მე ყველაზე მეტად იცით, რა მიკვირს? დღეს, როდესაც ვიცით, როგორი რეალურია საფრთხე რუსეთიდან, შეიძლება ერთმანეთს ვებრძოლოთ? როგორ შეიძლება ერთმანეთს ვებრძოლოთ, როცა შეიძლება ხვალ თუ ზეგ დაგვიდგეს ასეთი სრულიად რეალური საფრთხე, რომ დაგვაბრუნონ საბჭოთა ჭაობში. ის რომ წარმოვიდგინოთ, რომ დასავლეთმა, ამერიკის შერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ჩვენზე ხელი აიღოს, მაშინ მართლა ისევ მარტოობისთვის განწირული ვრჩებით და მარტოობა ნიშნავს, რომ ძველ საშინელ სისტემაში დაგვაბრუნებენ. წარმოუდგენელია, რომ ეს არ შევიგრძნოთ ყოველმა ჩვენთგანმა ერთად. მივხვდეთ, რომ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ ერთად ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
თაგები:
ლანა ღოღობერიძე




