ლანა ღოღობერიძე - ელდარმა გაუძლო ბედის დარტყმებს ღირსეულად და თავისი განცდების სიმძაფრე შემოქმედებაში ჩააქსოვა


ავტორი
Front News საქართველო
ელდარი... მთელი ქვეყნის უდიდესი დანაკარგი... და პირადად ჩემთვის - ტკივილი, რომელიც აღარასდროს განელდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე წერს.
"აი ასე, რაღაცნაირად, ერთად გავლიეთ ჩვენი წუთისოფელი. ახლა მოხდა ისე, რომ ის წავიდა და მე დავრჩი. ამიტომაც ვალდებული ვარ თან გავაყოლო სიტყვები, რომლებიც მას ეკუთვნის ჩემგან.
ელდარი - დიდი რეჟისორი. მან ძალიან ადრე იპოვა თავისი განსაკუთრებული სტილი - ე.წ. იგავური კინოენა, რომელიც, საბოლოოდ, ქართული კინოს ერთ-ერთ მთავარ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა. ასე მგონია, მას ჰქონდა ის განსაკუთრებული ალღო, რომელმაც იმთავითვე ქართველი ხალხის გულში ჩაახედა და დაანახა ის რაღაც - იდუმალი და მხოლოდ ამ ერისათვის დამახასიათებელი... და მერე ეს „რაღაც“ ყველა თავის ფილმში მიმოფანტა, როგორც მარგალიტები.
პასუხად კი მიიღო სიყვარული, ჭეშმარიტი სახალხო სიყვარული! ეს კი მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულის, ანუ იქნებ, ერთადერთის - ხვედრია.
მოხდა ისე, რომ ახალგაზრდობიდან, „ვგიკში“ სწავლის დღეებიდან, ერთად ვიარეთ ცხოვრების გზებზე. ვგიკიდან დაბრუნების მერე ძალიან ბევრ დროს ვატარებდით ერთად. მაშინ ელდარს ჩემი შვილების ძიძამ „სინეგლაზენკი“ დაარქვა. იტყოდა ხოლმე „პრიშოლ სინეგლაზენკი“ და მთელი ოჯახი სიხარულით ეგებებოდა ლურჯთვალება მხიარულ ბიჭს. ჩვენ კი, მართლაც მხიარული დროსტარების გარდა, სულ რაღაცა გვაწუხებდა და გვაერთიანებდა. ეს იყო ფიქრი საბჭოთა სისტემაში მოქცეული ქვეყნის ბედზე, ქართული კინოს იმდროინდელ მდგომარეობაზე, მისი ახალი ენის ძიებაზე, სულთამხუთავ ცენზურასთან ბრძოლის გზებზე.
და აი იმ დროიდან სულ რაღაცისთვის ვიბრძოდით. ქვეყნის ყოველ გზაგასაყარზე ბარიკადების ერთ მხარეს ვიდექით.
და მაინც, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ჩვენი ფილმები იყო. საკვირველია, მაგრამ იმ უმძიმესი იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, საქართველოში მაშინ უაღრესად ინტენსიური, მძაფრი, ვნებათაღელვით სავსე კინოცხოვრება მიმდინარეობდა. სულ სხვადასხვაგვარ კინოს ვიღებდით, მაგრამ იყო მათში რაღაც გამაერთიანებელი. ამას, მოგვიანებით, სამოციანელების კინო დაერქვა. ნოსტალგიით მახსენდება „ქართული ფილმის“ სამხატვრო საბჭოს მღელვარე სხდომები, სცენარის, გადაღებული მასალის თუ ფილმის განხილვები, ბობოქარი კამათები, და, რა თქმა უნდა, საბჭოთა ცენზურასთან, ანუ მოსკოვის "გოსკინოსთან“ მუდმივ ბრძოლაში ერთმანეთის თავგადაკლული მხარდაჭერა.
მახსოვს, როცა ჩემი ფილმის - „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ - გამოსვლას დიდი სიძნელეები შეხვდა, პირველი პოლემიკურად დადებითი რეცენზია ელდარმა დაწერა. ამ რამდენიმე წლის წინ კი ასეთი რამ გაიხსენა:
„შერეკილებისთვის“ ფინალის ძიებაში ვიყავი, როცა შენ მითხარი, რა ძებნა გინდა, როცა ასეთი ბრწყინვალე ფინალი გაქვს ხელში - შერეკილების გაფრენა ცაში იმ უცნაური „ხომალდით“. რა თქმა უნდა, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ელდარს არავითარი რჩევა არ სჭირდებოდა თავისი შედევრის დამთავრებისთვის, ეს ეპიზოდი კი ჩვენი ურთიერთობის დასახასიათებლად მოვიყვანე.
და კიდევ ერთი შტრიხი, რომელმაც ძალიან ამაღელვა: როგორც ნატალიამ გვითხრა, ელდარს თავის ოთახში დღემდე ჩემი და ლადოს ფოტო ედო თაროზე...
როცა ელდარზე ფიქრობ, არ შეიძლება მისი პიროვნება ეგზისტენციალურ ჭრილში არ დაინახო. მთელი ცხოვრების მანძილზე მას თან სდევდა დაუნდობელი, საბედისწერო განსაცდელები: სულ პატარამ დაკარგა მამა, და როგორი მამა - ნიკოლოზ შენგელაია! სულ ახალგაზრდამ - დედა, და როგორი დედა - ნატო ვაჩნაძე! და ბოლოს - შვილი, ელენე!! ძნელია ასეთი განსაცდელებიდან გაბოროტებული, ან თუნდაც ყველაფრისადმი გულგრილი არ გამოხვიდე. ელდარმა გაუძლო ბედის დარტყმებს. ღირსეულად. და თავისი განცდების სიმძაფრე შემოქმედებაში ჩააქსოვა.
გაუძლო, ალბათ, იმიტომაც, რომ ელდარი ის შემოქმედია, რომელმაც ორი შერეკილის შეკოწიწებული ხომალდი, რომელიც ძალიან გვაგონებს ქართულ ურემს, ცაში ააფრინა და ამ მფრინავ ურემს მთელი ქვეყანა შემოატარა.
ის ახლაც დაფრინავს ჩვენს თავზე.
ან, იქნებ, ჯერ მხოლოდ მზად არის ასაფრენად. მაგრამ ბოლოს უსათუოდ აფრინდება და მერე სულ იფრენს და იფრენს საქართველოს ცაზე!
(ჩემი სამძიმარი ელდარის უახლოეს ადამიანს - ნელის, რომელმაც მასთან ერთად გადაიტანა ბედის უმძიმესი დარტყმები)", - წერს ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
ლანა ღოღობერიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს