Logo

ლაშა ბერიძე - ზარალი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და დიპლომატიური თვალსაზრისით

ინტერვიუ
2 დღის წინ / 14:45
433
Frontnews image description

უკრაინული სპეცოპერაციები რუსეთის სტრატეგიულ აეროდრომებზე დასავლური მოკავშირეების მხარდაჭერით თუ რუსეთის შიდა ოპოზიციის დახმარებით განხორციელდა? როგორ შეცვლის ეს რუსეთის სამხედრო სტრატეგიას და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მოლაპარაკებების პროცესზე? პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე Front News-თან "რუსეთის შიგნიდან გატეხას“ და მოსკოვის შესაძლო პასუხზე საუბრობს.

– ბატონო ლაშა, როგორ შეაფასებდით უკრაინის მიერ რუსულ სტრატეგიულ აეროდრომებზე განხორციელებულ სპეცოპერაციებს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით?

– ძალიან რთულია ასეთი სპეცოპერაცია ზუსტად და სკრუპულოზურად დაგეგმო ისე, რომ ინფორმაცია არ გაჟონოს და პრობლემები არ შეიქმნას. როგორც გავრცელებული ცნობებიდან ირკვევა, უკრაინა ამ ოპერაციას დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა. შესაბამისად, არავინ იცის, ამ წუთებშიც რას გეგმავენ უკრაინელები.

პირველ რიგში, ეს არის მორიგი სამარცხვინო ფაქტი რუსეთისთვის. ამასთან, რუსეთი საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო სუსტად გამოიყურება - მას ძალიან ფრთხილად აკვირდებიან როგორც დასავლეთში, ისე ჩინეთში. მოსკოვს მოუწევს სერიოზული რესურსების მობილიზება, რათა სხვა აეროდრომებიც დაიცვას. ეს ფაქტი რუსეთისთვის აეროდრომების დაცვის სტრატეგიის რადიკალურ გადახედვას საჭიროებს.

გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინელებმა ეს ოპერაცია უნიკალურად ჩაატარეს - თუმცა, სავარაუდოდ, მარტო არ მოქმედებდნენ. რუსეთის სიღრმეში მათ არაერთი დარტყმა ჰქონდათ განხორციელებული. ამიტომ უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ამ სპეცოპერაციებში უკრაინელებს დახმარებას თავად რუსები უწევენ - „ციხე შიგნიდან არის გატეხილი“. მაღალია ალბათობა, რომ უკრაინას ანტიპუტინისტური ძალები ეხმარებიან, რომლებიც რუსეთში იატაკქვეშეთში მოქმედებენ.

ამ ყველაფერს წინ დიდი და ინტენსიური სადაზვერვო მუშაობა უძღოდა - ეს არის ტიტანური შრომა, რაც უკრაინელებმა გასწიეს. ამიტომ ცხადია, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს უკვე გააჩნიათ რეალური შესაძლებლობა, რუსეთში შიგნიდან იმოქმედონ.

– თქვენი ინფორმაციით, რა ზიანი მიადგა რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას და რამდენად მიაღწია უკრაინამ ოპერაციის ძირითად მიზანს?

– ზიანი ნამდვილად კოლოსალურია. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 40 საფრენი აპარატია დაზიანებული. რაც დადასტურებულია - 8 სტრატეგიული ბომბდამშენი განადგურებულია. მათი ჩანაცვლება რთული და ძვირად ღირებულია. ასე რომ, უდიდესი ზარალია.

მართალია, ეს რუსეთს მთლიანად ვერ "გატეხს“ და ფრონტის ხაზზე შეიძლება მყისიერი ცვლილებები არ გამოიწვიოს, თუმცა ზარალი მნიშვნელოვანი იქნება როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და დიპლომატიური თვალსაზრისით.

– როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა რუსეთის სტრატეგიული გეგმარება ამ ოპერაციების ფონზე და რამდენად მოსალოდნელია რუსეთისგან საპასუხო ქმედებები? სად შეიძლება რუსეთმა დაარტყას?

– უკრაინელი სამხედროებისგან მსგავს მკაცრ იერიშებს უკვე შეჩვეული ვართ. რუსეთის პასუხიც ხშირად სტანდარტული და სწორხაზოვანი იყო - მასიური სარაკეტო და უპილოტო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და მოსახლეობაზე.

რთულია ზუსტად ვთქვათ, რა რესურსი აქვს ახლა რუსეთს, მაგრამ, დიდი ალბათობით, მისი პასუხი კვლავ მსგავს ხასიათს მიიღებს. არ გამოვრიცხავ ბირთვული შანტაჟის დაბრუნებასაც, თუმცა პუტინს ამ ეტაპზე ასეთი მუქარა არ გაუჟღერებია.

– რამდენად არის შესაძლებელი, რომ მსგავსი იერიშები დასავლეთის ქვეყნების ტექნოლოგიური ან სადაზვერვო მხარდაჭერით განხორციელდეს? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპს ამის შესახებ წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნები ოპერაციას პირდაპირ ეთერში აკვირდებოდნენ. რას ფიქრობთ, იყო დასავლეთის დახმარება?

– არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ჩემი აზრით, ეს მკაცრად უკრაინული სპეცოპერაცია იყო. ასეთი ტიპის ოპერაციების სხვა ქვეყნებთან შეთანხმება ინფორმაციის გაჟონვის დიდ რისკს აჩენს. თუკი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას წინასწარ ეტყოდნენ, დიდი ალბათობით ინფორმაცია გაჟონავდა - მით უმეტეს ამერიკაში, სადაც საკმაოდ არასტაბილური პოლიტიკური კონიუნქტურაა.

შესაძლოა, უკრაინელებს ზოგადად განუცხადეს, რომ მსგავსი ოპერაციის განხორციელებას აპირებდნენ, მაგრამ არ მგონია, დეტალებზე საუბარი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, დასავლეთი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით ეხმარება და დიდი ალბათობით, მათგან მიღებული ზოგადი ინფორმაცია უკრაინამ გამოიყენა კიდეც. თუმცა ვეჭვობ, რომ ოპერაციის დეტალები დასავლეთში ცნობილი იყო.

– რამდენად სავარაუდოა, რომ ეს სპეცოპერაცია უკრაინამ მოლაპარაკებების დროს სათავისოდ გამოიყენოს? სტამბოლში უკვე ვიხილეთ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. ფიქრობთ, რომ ზელენსკი ამ კოზირს გამოიყენებს? ტრამპი ხშირად ამტკიცებდა, რომ უკრაინას მოლაპარაკების კარტები არ გააჩნდა. შეიცვალა ეს სურათი?

– ტრამპი ცდებოდა, როცა ამბობდა, რომ უკრაინას არ გააჩნდა კარტები. რეალურად, უკრაინას ბევრი ძლიერი კოზირი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომელიც უკრაინამ დიდი ბრიტანეთისა და ევროპის მხრიდან მიიღო - მათ არ მისცეს საშუალება, რომ უკრაინა რაიმე ფორმით „დაჩაგრულად“ წარმოჩენილიყო.

გარდა ამისა, უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია რუსეთის სიღრმეში მასშტაბური სპეცოპერაციების ჩატარება. უკრაინის სპეცსამსახურებმა აჩვენეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან ბრძოლა შეუძლიათ და ტოლს არავის უდებენ.

– როგორ აფასებთ სტამბოლში დაწყებულ მოლაპარაკებებს? არის ეს ცეცხლის შეწყვეტის რეალური შანსი, თუ მხოლოდ ტაქტიკური პაუზის მცდელობა რუსეთის მხრიდან?

– ვფიქრობ, პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. სინამდვილეში, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა თავად რუსეთსაც აწყობდა. თუმცა პუტინის ულტიმატუმის ფორმატში წარმოდგენილი მოთხოვნები - ან დანებდით, ან ვიომოთ - იმით დასრულდა, რომ უკრაინამ ბრძოლის გაგრძელება აირჩია.

სტამბოლის მოლაპარაკებებმა რეალური შედეგი არ გამოიღო. ამიტომაც ომი გრძელდება, და არც უკრაინა აპირებს უკან დახევას, არც მისი დასავლელი მოკავშირეები. რაც შეეხება ამერიკას - საბოლოოდ გამოჩნდება, რა პოლიტიკურ კურსს აირჩევს ვაშინგტონი. 

ელზა პაპოშვილი 

Advertisement