Logo

Logo

ლაშა გუჯეჯიანი - ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ვიგრძენი, რომ საჭირო მოტივაცია აღარ მაქვს

სპორტი
Frontnews image description

ლაშა გუჯეჯინმა ჯუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია.

ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ვიგრძენი, რომ იმ საქმისადმი, რომელსაც წლების განმავლობაში სრული პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ვემსახურებოდი, საჭირო მოტივაცია აღარ მაქვს.

მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ ძიუდოისტს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი. ერთად გადავიტანეთ გამარჯვების სიხარული და მარცხის სიმძიმე, ერთად მოვიპოვეთ მედლები და არაერთხელ ავაფრიალეთ საქართველოს დროშა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ტატამებზე. ეს მოგონებები და მიღწევები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იქნება.

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ვგრძნობდით.

სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე მომავალში, ყოველთვის დავრჩები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად!

ცხოვრებაში ყველა დასასრულს ახალი დასაწყისი მოჰყვება. დღეს ვასრულებ ჩემს საქმიანობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ მექნება შესაძლებლობა, ქართული ძიუდოს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო", - წერს ლაშა გუჯეჯიანი.

ლაშა გუჯეჯიანი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2020 წლის დეკემბრიდან იყო.

გუჯეჯიანი ძიუდოისტთა ნაკრებს ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე უძღვებოდა. 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

პარიზში, 2024 წელს ქართველმა ძიუდოისტებმა ერთ ოქროსა და ორ ვერცხლს მოუყარეს თავი და ასევე მეოთხე ადგილი დაიკავეს. ორივე შემთხვევაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა.

გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და გიორგი სარდალაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები