Logo

ლაშა ფარულავა - ეს არის დემოკრატიის გაუქმების იურიდიული გაფორმება, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში

პოლიტიკა
263
Frontnews
ლაშა ფარულავა - ეს არის დემოკრატიის გაუქმების იურიდიული გაფორმება, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში

ახლა რაც ხდება, ეს არის დემოკრატიის გაუქმების იურიდიული გაფორმება, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა" ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, "დავალება უკვე დაწერილია და მხოლოდ ნოტარიული გაფორმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში“.

"გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მხოლოდ საბოლოო სიტყვის თქმის საშუალება დაგვიტოვეს. დანარჩენი გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია. ეს თავად იციან მოსამართლეებმა და ამის ნათელი დადასტურება და მტკიცებულება არის მანანა კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, არა თუ მოსამართლედ, იურისტადაც ვერ დარჩებოდა ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ანუ პირდაპირ თქვა, რომ დავალება არსებობს. პირდაპირ თქვა, რომ ეს დავალება უკვე დაწერილია და მხოლოდ ნოტარიული გაფორმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში“,- განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე, ოპოზიციას თავად აქვს ნათქვამი მანდატებზე უარი და ახლა რას იცავენ, ფარულავამ განაცხადა, რომ ბოიკოტი კონსტიტუციით დაცული დემოკრატიის ფორმაა.

"ბოიკოტი არის დემოკრატიის ფორმა, ეს დაცულია კონსტიტუციით, რომელიც თავზე დაგვამხო ირაკლი კობახიძემ და "ქართულმა ოცნებამ“, როდესაც 78-ე მუხლი ფაქტობრივად ამოატრიალა, გააუქმა, და ქართველ ხალხს უთხრა, რომ თურმე ევროპული მომავალი საერთოდ არავის არ აინტერესებს ქვეყანაში. რეპრესიით და ტერორით დაუპირისპირდა ქართველი ხალხის არჩევანს. ამიტომ ცხადია, ჩვენ კონსტიტუციურ წეს-წყობილებას აღვადგენთ ამ ქვეყანაში, დემოკრატიას დავაბრუნებთ და და ქართველ ხალხს, ამომრჩეველს ექნება იმის საშუალება, რომ საკუთარი პოლიტიკური იდენტობა, მათ შორის, ვინც მე არ მეთანხმება და ვინც ჩვენ არ გვეთანხმება, გადაწყვიტოს საარჩევნო უბანზე. ამ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს რუსი ოლიგარქი, გინდ ჭორვილაში, გინდ აბასთუმანში. ბოიკოტი არის დემოკრატიული ფორმა და დემოკრატიულმა ოპოზიციამ გამოიყენა დემოკრატიული ფორმა იმისთვის, რომ დემოკრატია გადაერჩინა საქართველოში. მაგრამ დემოკრატია საერთოდ გააუქმა ივანიშვილმა და მისი იურიდიული გაფორმება მიდის ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში.

რაზე ვლაპარაკობთ, რა პარალელზე ვლაპარაკობთ, როცა თქვენც გართმევთ ამ უფლებას?! დემოკრატიული ოპოზიცია, როგორც საერთაშორისო მექანიზმს, იმისთვის გამოიყენებს, რომ ევროპის სასამართლოში წაიღოს ეს საქმე და დაამტკიცოს სიმართლე. ასევე გამოიყენებს პოლიტიკური ბრძოლის სხვა ფორმებსაც, რა თქმა უნდა არა ძალადობრივს, მშვიდობიანს, იმისთვის, რომ ქვეყანაში არა მხოლოდ დემოკრატია აღდგეს, არამედ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. არა ცალკეულმა პირებმა, არა რუსმა ოლიგარქებმა, არა გარედან მართულმა აგენტურამ, არამედ უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით. ეს ბრძოლა იქნება დისიდენტური თუ სხვა ფორმის, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას“,- განაცხადა ფარულავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. 30 ოქტომბერს დასრულდა ახსნა-განმარტების ეტაპი და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის. ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები