ლაშა ტყეშელაძე - საქმის მასალებს არ ვიცნობ და წინასწარ მაწერინებდნენ ხელს გაუთქმელობაზე

ავტორი
Front News საქართველო
საქმის მასალებს არ ვიცნობ და წინასწარ მაწერინებდნენ ხელს გაუთქმელობაზე, მე არ ვაწერდი ხელს, მაგრამ განმიმარტეს მერე, რომ თქვენ მოაწერთ თუ არა, ჩვენ გადაწყვეტილებას თვითონ მივიღებთო, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ადვოკატებს საქმის მასალებზე საუბარი სისხლის სამართლის დანაშაულად შეიძლება ჩაუთვალონ.
"საქმის მასალებს არ ვიცნობ და წინასწარ მაწერინებდნენ ხელს გაუთქმელობაზე, მე არ ვაწერდი ხელს, მაგრამ განმიმარტეს მერე, რომ თქვენ მოაწერთ თუ არა, ჩვენ გადაწყვეტილებას თვითონ მივიღებთო, რაც საშინელებაა.
სიტყვის გამო, პოლიტიკური განცხადების გამო არის ადამიანი დაჭერილი და თან, ამ საქმეში არის დაზარალებული. ამ დროს, დაზარალებულს უკრძალავენ, რომ სიმართლე ილაპარაკოს, ციხეში მყოფ ადამიანს ცალკე უკრძალავენ, რომ სიმართლე ილაპარაკოს და ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, რომ ეს სიტყვა მოიტანოს ხალხამდე და გამოძიებამდე, არის ადვოკატი და შენც რომ ხელს გაწერინებენ გაუთქმელობაზე, ეს ხომ საშინელებაა.
პირდაპირ რომ ვთქვათ, როგორც რკინის ფარდა უნდოდათ რომ ჩამოეფარებინათ სასამართლოებზე, როცა მედიას არ უშვებდნენ, ისე აპირებენ ახლაც, რომ სიმართლე არ ითქვას. ადვოკატები უკვე მემატიანეები გავხდით, რადგან მედიას არ ეძლევა საშუალება, გააშუქოს და სიმართლე ანახოს ხალხს და ჩვენ გვიწევს ინფორმაციების გამოტანა და გასაჯაროება. როგორც ჩანს, ესეც ისე აწუხებს სისტემას, რომ უკვე ადვოკატებსაც სისხლის სამართლის დანაშაულად უთვლიან საქმეზე საუბარს", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ცემის საქმეზე რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი დღეს პირველად გამოიკითხა.
თაგები:
ლაშა ტყეშელაძე




