Logo

ლევან ბეჟაშვილი - ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს

პოლიტიკა
26
Frontnews image description

ეს არის ხელისუფლება, რომელიც ებრძვის საკუთარ ხალხს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლება ტერორისტული მეთოდებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას.

"ეს არის ხელისუფლება, რომელიც ებრძვის საკუთარ ხალხს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. გავიხსენოთ დიქტატორული რეჟიმები, რომლებიც ქიმიურ მომწამვლელ იარაღს იყენებს თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ, სირიის მაგალითიც კი საკმარისია.

დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთი ტერორისტული მეთოდებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას. ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც გამოიძიებს, როგორ მოხდა აღნიშნული ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების შესყიდვა. დაიკითხება ყველა სამართალდამცავი უწყება, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ამ იარაღის გამოყენებასთან“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა. 

BBC წერს, რომ მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.

Advertisement