ლევან ხაბეიშვილი - ამათი დამთავრება ძალიან მარტივია, მხოლოდ და მხოლოდ გამბედაობაა საჭირო

ავტორი
Frontnews საქართველო
როცა ამბობენ, რომ ალტერნატივას ვერ ხედავს ხალხი, ტყუილია, შეუძლებელია, ხალხი შარმანაშვილის, ზარქუას და ნინო წილოსანის გარდა სხვა ალტერნატივას ვერ ხედავდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ხელისუფლების დამთავრება ძალიან მარტივია, მხოლოდ და მხოლოდ გამბედაობაა საჭირო
"ოპოზიცია ძლიერი ვერ იქნება ასეთ დიქტატურაში. ჩრდილოეთ კორეაში, ბელარუსში საერთოდ არ არის ოპოზიცია, რუსეთში საერთოდ არ არის ოპოზიცია. ყველა ვართ ოპოზიცია, ყველა ვართ პოლიტიკოსები, ვინც ამათ ვეწინააღმდეგებით. ნუ გვაქვს ილუზია, რომ ოპოზიცია იქნება ძლიერი. ძლიერი ოპოზიცია არის დემოკრატიაში, ჩვენ აქ ძლიერები ვერ ვიქნებით, ამიტომ, შევეშვათ რაღაც ბოდიალებს, რომ ძლიერები არ ვართ და სუსტი ოპოზიცია ვართ. როგორ უნდა ვიყოთ ძლიერი ოპოზიცია, ვილაპარაკე და დამიჭირეს. ვთქვი, რომ ბიძინა უნდა დავამთავროთ და დამაკავეს. შევეშვათ ამაზე საუბარს, თემის შეცვლა შეუძლია ყველას, ნებისმიერ აქტივისტს. ორ თვეში ორი 17 წლის ბიჭი ჩავდეთ მიწაში და ამაზე უნდა ვისაუბროთ. სად არის პოლიცია?! ჩვენ იარაღი ჩამოგვართვეს და ვინც საშიშია, იმათ აქვთ იარაღი.
მარტივი რამ მინდა ვთქვა - როცა ამბობენ, რომ ალტერნატივას ვერ ხედავს ხალხი, ტყუილია, შეუძლებელია, ხალხი შარმანაშვილის, ზარქუას და ნინო წილოსანის გარდა სხვა ალტერნატივას ვერ ხედავდეს. ყველაფერი არის აქეთ, ჩვენს მხარეს - ინტელექტი, გონი, აბსოლუტური უმრავლესობა. რატომ ვერ ვასხივებთ ამ ალტერნატივას, იცით? იმიტომ, რომ ერთობა გვაკლია. ახლა ადამიანებს, სამწუხაროდ, ეშინიათ, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ძალა და შიში გადავაგდოთ. შეუძლებელია, ანწუხელიძის, მარო მაყაშვილის და სხვების ქვეყანაში ვიყოთ "დაჩმორებულები". ამათი დამთავრება ძალიან მარტივია, მხოლოდ და მხოლოდ გამბედაობაა საჭირო", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა "ფორმულასთან".
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი




