ლევან მაჭავარიანი - აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით

ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.
“აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა, უსამშობლობის გარდა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობაც სრული მასშტაბით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე გამოავლინეს.
ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ:
• დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდა;
• დაჩქარებული წესით გახდებოდა NATO-ს წევრი;
• დაჩქარებული წესით გახდებოდა ევროკავშირის წევრი;
• გადასცემდნენ ასობით მილიარდი ევროს ღირებულების რუსულ გაყინულ აქტივებს.
მეხუთე წელია, მიმდინარეობს ომი. არც ერთი ეს დაპირება არ შესრულდა და არც ერთი ამ საკითხიდან არ გაუპროტესტებიათ უკრაინის ამ „გულწრფელ“ გულშემატკივრებს. არც ერთი ამ აქტორის მხრიდან ერთი სიტყვაც არ მოგვისმენია უკრაინის მიმართ ამდენ უსამართლობასთან დაკავშირებით. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მათი პატრონებიც იმ ძალას წარმოადგენენ, ვინც ეს დაპირებები გასცა.
გვახსოვს აგენტურის ყალბი „ზრუნვა“ უკრაინელ ლტოლვილებზე. სხვისი დახმარება, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეა და მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, თუ ქართველი დევნილისთვის, რომელსაც ზუსტად ანალოგიური უბედურება აქვს გამოვლილი, იმის მეასედიც კი არ გაგიკეთებია, რასაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკეთებ, ტოვებ ლეგიტიმურ შთაბეჭდილებას, რომ ხარ ყალბი და ფარისეველი, ამას კი მხოლოდ „ტრენდის“ გამო აკეთებ.
გვახსოვს სრული ისტერია უკრაინის დროშის გარშემო. დროშის არაბუნებრივი ფრიალი, აივნებიდან გადმოფენა, მანქანების, ტელეფონებისა და სხვადასხვა ნივთის უკრაინის დროშის ფერებში დასტიკერება. როდესაც ამის მეასედიც კი არ გაგიფერადებია საქართველოს დროშის ფერებში, აქაც ტოვებ ლეგიტიმურ შთაბეჭდილებას, რომ ხარ ყალბი და ფარისეველი, ამას კი მხოლოდ „ტრენდის“ გამო აკეთებ”, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფებს ამდენი მავნებლობის და სიბინძურის გამო საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი.
“მინდა, გაგახსენოთ, როგორ „შერცხვა“ დავით არახამიას ქართველობის ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკიდან გამომდინარე. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის გამო, ქართველობის არახამიასთან ერთად აგენტურასაც რცხვენოდა.
ნინო ლომჯარიას სირცხვილიც არ დაგვავიწყდეს სანქციების არ დაწესების გამო. როგორც თავად აღნიშნა, ამ სირცხვილს მას ბომბების წვიმა ერჩივნა.
ეკა გიგაურის მოწოდებებიც გავიხსენოთ. თურმე, რუსეთი მარცხდებოდა და ეს შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოგვეყენებინა აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დასაწყებად.
როგორი აჟიტირებით უსმენდნენ მავნებლები უკრაინის მაღალჩინოსნების მოწოდებებს, რომ ხალხით შევშველებოდით, რომ ტანკებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაგვესეირნა. გვარამიამ ეს აჟიტირება ცოტა ხნის წინ იმით ახსნა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის რა მსხვილი ტრანშებიც ჩაერიცხება, საქართველო ამ ფულის გარეშე დარჩება, ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნებული მშვიდობის გამო.
გვასხოვს, როგორ ჩადიოდნენ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ეს ფარისევლები უკრაინაში ფოტოების გადასაღებად.
საუბედუროდ, ისიც კი გვახსოვს, თუ როგორ შურდათ უკრაინის!
მათი მხრიდან პრიგოჟინის ე.წ. „რევოლუციის“ გულშემატკივრობა უვიცობის უკიდურესი ფორმის გამოვლინება იყო. აგენტურული ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები, ამჩატებულები და აჟიტირებულები, გულშემატკივრობდნენ პრიგოჟინის მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ადამიანი, რომელიც უდანაშაულო ხალხის მასობრივი, მათ შორის, ბუჩაში ხოცვა-ჟლეტის მთავარი შემოქმედია, სურდათ გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს მმართველი. ისინი თვლიდნენ, რომ პრიგოჟინის პირობებში მსოფლიო უფრო სამართლიანი და უსაფრთხო იქნებოდა.
როდესაც უკრაინამ ელჩი საქართველოდან იმ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გაიწვია, რომელთა შესრულებაც რუსეთთან მყისიერ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევდა, აგენტურა აქციებით ცდილობდა ხელისუფლების იძულებას, შეესრულებინა ეს მოთხოვნები, ანუ ქვეყანა ომში ჩაერთო. ამ საკითხზე ძალიან ვრცლად ვისაუბრე ჩემს ერთ-ერთ წინა პოსტში.
ხოლო, როდესაც ბატონმა ზელენსკიმ ჩვენი გმირი ელჩი გამოაგდო უკრაინიდან, მავნებლებმა ხმის ამოღებაც ვერ გაბედეს. ელჩს, რომელსაც არც ერთი წუთით კიევი არ დაუტოვებია დაბომბვისას. იცოდნენ, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში პატრონებისგან ყურის აწევა ელოდებოდათ.
რადიკალები ყველაზე ფაშისტური მეთოდებით უკრძალავდნენ ხალხს აზრის გამოთქმას ამ ომთან დაკავშირებით, თუ ეს აზრი იმ ნარატივში არ ჯდებოდა, რაც მათმა პატრონებმა გლობალურად შექმნეს. ნებისმიერ ადამიანს, უკრაინის როგორი გულშემატკივარიც არ უნდა ყოფილიყო, თუ ერთი წამით მაინც ეჭვს შეიტანდა უკრაინის უპირობო გამარჯვებასა და რუსეთის განადგურებაში, მაშინვე რუსეთუმეს იარლიყს აწებებდნენ, ამცირებდნენ და მიწასთან ასწორებდნენ. ადამიანებს ფიქრსა და აზროვნებას უკრძალავდნენ!
აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. ისინი ფაშისტური მეთოდებით ცდილობდნენ ამ აღქმის ჩვენი მოქალაქეებისთვის მოხვევას. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით უკრაინის მხარდასაჭერად, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება და ბავშვებს მივეცით მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა, ხოლო უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით მოწინავე პოზიციებზე ვართ. ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამ მიმართულებით ამდენი არ გაუკეთებია.
აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო! სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით იმდენი შეცდომა გაქვთ დაშვებული, ისეთი დოზით გაქვთ უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა გამოვლენილი, რომ ტრაგედიაა თქვენი პოლიტიკაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობა.
ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველ დღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო, ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის!”- წერს მაჭავარიანი.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი




