ლევან მაჭავარიანი – აგენტურული პარტიების პატრონებს არ სურთ, საქართველოში ბერკეტები დაკარგონ და ცდილობენ, გამოესარჩლონ

ავტორი
Frontnews საქართველო
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ევროპაში 150-მდე პარტია აიკრძალა, ამაზე არავის პრეტენზია არ ჰქონია, საქართველოს შემთხვევაში ინტერესია მიკერძოებული, ამ აგენტურული პარტიების პატრონებს არ სურთ, საქართველოში ბერკეტები დაკარგონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანი გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც მიკიტა პოტურაევმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ.
"ეს არის სამართლებრივი პროცესი და კონსტიტუციით გარანტირებული. ეს საშუალება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს. ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ევროპაში 150-მდე პარტია ვიხილეთ აკრძალული, 22 პარტია უკრაინაში, ბოლო სამ წელში რვა პარტია აიკრძალა მოლდოვაში. ამაზე აბსოლუტურად არავის არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, ვინაიდან ეს ყველაფერი იყო სამართლებრივად გამართული. ზუსტად ანალოგიურთან გვაქვს საქმე საქართველოში, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ინტერესია მიკერძოებული, ვინაიდან ეს აგენტურული პარტიები იმართებიან გარედან და მათ პატრონებს არ სურთ, საქართველოში ბერკეტები დაკარგონ. შესაბამისად, ყველანაირად ცდილობენ, ამ ოპოზიციას გამოესარჩლონ, თუმცა განცხადებები, რასაც საზღვარგარეთიდან აკეთებენ მათთვის კონტრპროდუქტიულია. არანაირ არგუმენტებზე არ არის ეს ყველაფერი დამყარებული, მხოლოდ მათი სურვილია, რომ მათი აგენტურა გადარჩეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი




