ლევან მაჭავარიანი – ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო პოზიცია და არა მგონია, რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იყოს კმაყოფილი

ავტორი
Frontnews საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის მხრიდან იმდენად უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებები კეთდება, რომ ჩნდება კითხვა, რეალურად სურთ თუ არა გაფართოება.
მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს „ევრონიუსის“ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც, დარღვევების შემთხვევაში, ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.
"ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება. ხან 15-წლიან და ხან 10-წლიან საგამოცდო ვადაზე საუბრობენ. ხან აანონსებენ, კანდიდატ ქვეყანას თუ უნდა გაწევრიანება, მაშინ ურთიერთობა უნდა აიკრძალოს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასთან, მსგავსი იმდენად არასერიოზული განცხადებებია, რომ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებენ, სურთ თუ არა რეალური გაფართოება, რეალური კითხვა ამაში მდგომარეობს. ყველაზე კარგი მაგალითია უკრაინა. მათ ბევრჯერ ჰპირდებოდნენ, რომ დაჩქარებული წესით უნდა ყოფილიყო 2022 წლის შემდეგ სამჯერ თუ ოთხჯერ გაწევრიანებული ევროკავშირში. დღესაც ეუბნებიან, რომ გაურკვეველია, რა ვადაში შეიძლება, უკრაინის გაწევრიანებაზე დაიწყოს მსჯელობა. შესაბამისად, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები, უპასუხისმგებლო პოზიცია და არა მგონია, რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იყოს კმაყოფილი იმით, რასაც ახლა ევროკავშირი აანონსებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი




