ლევან მახაშვილი - მკაფიოდ ჩანს, რომ ეს არის ხელოვნურად წამოწეული საკითხი ხელისუფლების გასაშავებლად

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობისთვის" რუსეთის, როგორც "ბუად", აბსოლუტური ბოროტების, ხოლო რუსების ცუდ ხალხად წარმოჩენის თემა განსაკუთრებით ტრენდული 2022 წლიდან გახდა, თუმცა მათი მრავალწლიანი პრაქტიკა სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან მახაშვილი.
"რუსეთის თემა - რუსეთის, როგორც "ბუას" და აბსოლუტური ბოროტების, ხოლო რუსების, როგორც ცუდი ხალხის წარმოჩენა - განსაკუთრებით პოპულარული და ტრენდული 2022 წლის შემდეგ გახდა. "ნაციონალურმა მოძრაობამაც" სწორედ ამ ტალღაზე სცადა მოქცევა. რა თქმა უნდა, ეს თემა მათი დაწყებული არ არის და უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს მაგრამ, როგორც აღვნიშნე, განსაკუთრებული აქტუალობა მან 2022 წლის შემდეგ შეიძინა და ოპოზიციაც ამ ტენდენციას მიჰყვება.
სინამდვილეში, მათი მრავალწლიანი პრაქტიკა სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს. გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ ისინი 2008 წლის ომის შემდეგ: რა გადაწყვეტილებები მიიღეს და რა ნაბიჯები გადადგეს იმისთვის, რომ რუსეთისთვის, ფაქტობრივად, ფიანდაზები დაეგოთ. როდესაც ამ ორმაგ სტანდარტს ხედავ, მკაფიოდ ჩანს, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ხელოვნურად წამოწეული საკითხი საქართველოს ხელისუფლების გასაშავებლად.
დღეს ისე მიგვაჩნია, თითქოს სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმეები ციდან დაგვეცა; თითქოს საერთაშორისო სამართლებრივად გამყარებული ტერმინი - რუსეთი, როგორც ოკუპანტი - დილით გაღვიძებულებს მაცივარში დესერტად დაგვხვდა. სინამდვილეში კი, ეს იყო რუსეთის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივი ბრძოლის შედეგი, რომელიც სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში იწარმოებოდა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი




