Logo

ლევან ცუცქირიძე - ლუსტრაციის კანონს, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, აქვს სამი ძირითადი ამოცანა

პოლიტიკა
235
Frontnews image description

სამი ძირითადი ამოცანა აქვს ლუსტრაციის კანონპროექტს - ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, ამ კანონმა უნდა ჩამოაცილოს  სახელმწიფოს საბჭოთა ან მათ მემკვიდრე სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ადამიანები და მესამე - თავიდან აირიდოს ის, რაც მომხდარა ან ხდება, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლუსტრაციის კანონს უნდა განაგებდეს ობიექტური და სანდო ორგანო.

"ლუსტრაციის კანონზე და ზოგადად მის პროცესზე საუბარი არის მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, არასოდეს გამოვლენილა სათანადო პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო და ეფექტურად განხორციელებულიყო. იყო სხვადასხვა მცდელობები პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების მიერ, მაგრამ ეს პროცესი ვერ დაიწყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს არის ის ვითარება, რომ თუ სახელმწიფოს არ ჩამოვაცილეთ რუსულ სპეცსამსახურთან დაკავშირებული აგენტები, ყოველთვის გვექნება ასეთი რთული ვითარება. 

ლუსტრაციის კანონს, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, აქვს სამი ძირითადი ამოცანა - ისტორიული სამართლიანობის აღდგენა - ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავუსწოროთ თვალი იმ წარსულს, რომელიც არის ჩვენი წარსული და უნდა ვნახოთ, რა ხდებოდა გასულ საუკუნეებში და რა ხდება ახლა. ეს იქნება მძიმე პროცესი, მაგრამ იქნება ავადმყოფობიდან გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მეორე - ამ კანონმა უნდა გააკეთოს ის, რომ უნდა ჩამოვაცილოთ სახელმწიფოს ის ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ საბჭოთა ან მათ მემკვიდრე სპეცსამსახურებთან და აღეკვეთოთ ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა. ეს არ შეეხება მხოლოდ უმაღლესი თანამდებობების დაკავებას.  

მესამე - ჩვენ ამით თავიდან ავიცილებთ იმას, რომ მომავალში კიდევ განმეორდეს ის, რაც დღეს ხდება ან მომხდარა. ეს სამი ძირითადი ამოცანა აქვს ლუსტრაციის კანონპროექტს. 

წარმოიდგინეთ, ადამიანები დაკავშირებული არიან რუსულ სპეცსამსახურებთან და ამ დროს მუშაობენ ქართული ჯარისთვის იარაღის შესყიდვაზე, ამიტომ, არის კრიტიკული მთელი რიგი საკითხები სახელმწიფო საქმიანობაში.

ლუსტრაციის პროცესი უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი, სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ორგანოს მიერ და ვფიქრობთ, რომ საბჭო უნდა შეიქმნას და სანდო ადამიანებისგან დაკომპლექტებულმა მიუკერძოებელმა ორგანომ ეს პროცესი უნდა წარმართოს ბოლომდე", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

Advertisement