ლევან ვეფხვაძე - უკვე წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს სამივე ბრალდებულის ბრალეულობას

ავტორი
Frontnews საქართველო
ვიდეომასალის და სხვა მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, უკვე წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს სამივე ბრალდებულის ბრალეულობას და ბრალდების მხარემ გადაწყვიტა, რომ ბრალი წარედგინა, - ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში არის მტკიცებულებები და გარემოებები, მათ შორის ბესარიონ ჟვანიას სახლთან კაკულიების გადაადგილებაც.
"2021 წლიდან მოყოლებული, როდესაც ნიკოლოზ კვარაცხელია მოკლეს, გამოძიება არ გაჩერებულა. გამოვითხოვეთ არაერთი ინფორმაცია, მათ შორის ამოღებულია ბესარიონ ჟვანიას სახლიდან ე.წ. დივიარი, რაზეც ჩატარდა ექსპერტიზა. ამ ვიდეომასალის და სხვა მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, უკვე წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს სამივე ბრალდებულის ბრალეულობას და ბრალდების მხარემ გადაწყვიტა, რომ ბრალი წარედგინა.
რაც შეეხება კონკრეტული მტკიცებულების შინაარსს, სათითაოდ ვერ განვიხილავ ამ საკითხს, ყველა მტკიცებულებას გამოვიკვლევთ არსებით განხილვაზე. ძირითადად ეხება ბესარიონ ჟვანიას სახლთან კაკულიების გადაადგილებას და ასე შემდეგ", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ძმები კაკულიების და ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს წინა სასამართლო სხდომაა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
თაგები:
ლევან ვეფხვაძე




