ლიანა მიქაშავიძე – ქალი, რომელმაც თეატრში იცხოვრა


ავტორი
Front News საქართველო
სცენაზე მდგარი ქალის მზერაში რაღაც მარადიული ელავს, თითქოს სიტყვა და ჟესტი მხოლოდ როლისთვის კი არა, თავად ცხოვრების არსისთვის არის შექმნილი. სწორედ ასეთია ლიანა მიქაშავიძე, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ქალი, რომელმაც თეატრში იცხოვრა და დღემდე სცენის მადლით სუნთქავს.
85 წლის ქალბატონი ლიანა დღესაც ისეთივეა, როგორც იმ წლებში, როცა სოხუმის თეატრის სცენაზე იდგა. მისი საუბარი და მანერა დაგარწმუნებს, რომ მასში დღემდე ცოცხლობს მსახიობი. ის სცენიდან არ ჩამოსულა, როლებში კი არა, ნამდვილ ცხოვრებაში თამაშობდა და ამ თამაშით ადამიანების გულებს მართავდა.
ლიანა მიქაშავიძე 1938 წლის 28 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. მისი დაბადება განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა. შალვა დადიანმაც კი იწინასწარმეტყველა: "მომავალი მსახიობის ლიანა მიქაშავიძის დაბადებას გაუმარჯოს!“.
მშობლები მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები იყვნენ და ლიანა სცენასთან სიახლოვეს ბავშვობიდან შეეჩვია. 6 წლისა უკვე პირველ როლს ასრულებდა სპექტაკლში “მეწაღის ჯადოქარი ცოლი” და მას პოეტმა ხუტა ბერულავამ ლექსიც კი მიუძღვნა – “პატარა ლია სცენაზე”. სულ 5 წლისა იყო, როცა ოჯახთან ერთად სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად. იქ იცხოვრა, გაიზარდა, შექმნა თავისი თბილი და გულით სავსე სამყარო და მთელი არსებით შეიყვარა აფხაზეთი, როგორც მიწა, როგორც ხალხი, როგორც ბედი.
ის გვიყვება იმ წლებზე, როცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთთან გულითადი და ადამიანური ურთიერთობა ჰქონდათ. გვიყვება მეგობრობაზე, სიცილზე, სიყვარულზე და ამ მოგონებებს იმდენი სინათლე მოაქვს, რომ წამით დაგავიწყდება ომის რეალობა, რომელმაც ეს ჰარმონია დაანგრია.
და მაინც, ომისას ლიანა მიქაშავიძე ისევ იმგვარი იყო, როგორც სცენაზე – მამაცი, შეუპოვარი, მზრუნველი. ის აფხაზეთის ომის პირველივე დღიდან ჩაერთო დაჭრილ მეომართა დახმარებისა და ხსნის კომიტეტში, უშუალოდ უვლიდა და ეხმარებოდა მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა. მსახიობობა და ექთნობა ერთად იტვირთა და ამ ყველაფრისთვის ღირსების ორდენითაც დააჯილდოვეს.
დევნილობის დროს სოხუმის თეატრმა რუსთაველის თეატრს შეფარებულმა განაგრძო არსებობა და ქალბატონი ლიანაც, მიუხედავად სირთულეებისა, არ ჩამოშორებია მას. ის დარჩა ერთგული სცენისა და კოლეგების, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში ქმნიდა თეატრალურ ისტორიას. მის გვერდით იდგნენ კორიფეები – დიდებული მსახიობები, რომელთა სახელები ჩვენი მეხსიერების უკვდავ ნაწილად რჩება.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ლიანა მიქაშავიძეს მრავალი თეატრიდან ჰქონდა მოწვევა, თუმცა მან ერთხელაც არ უღალატა სოხუმის თეატრს. ამბობს, რომ როცა გიყვარს საქმე, რაც აირჩიე, ყველა გაჭირვებას გაუძლებ და ამ სიყვარულს ითხოვს ახალგაზრდებისგანაც: “გიყვარდეთ თქვენი პროფესია” – მომავალ მსახიობებს.
ახლახან გამოვიდა ლიანა მიქაშავიძის წიგნი “სოხუმის ქართული თეატრი გისმენთ”, რომელიც არ არის მხოლოდ მემუარები ან თეატრის ქრონიკა. ეს არის ემოცია — სიყვარულზე, ერთობაზე, იმ საქართველოზე, რომელიც არსებობდა და რომელმაც კვლავაც შეიძლება იარსებოს. წიგნი აღბეჭდავს იმ ისტორიებს, რომლებიც ბევრისთვის უცნობია, მაგრამ ჩვენს სულში ღრმად დამკვიდრებული ჭრილობების შემზარავ სიმშვიდეს ანიჭებს.
ლიანა მიქაშავიძე არის ადამიანი ისტორიით და არა მხოლოდ თეატრალური, არამედ ეროვნული, მტკივნეული და ღირსეული ისტორიის მატარებელი. მისი ცხოვრება არის ხიდი სცენასა და რეალურ სამყაროს შორის. ხიდი, რომელზეც სიყვარულით, მეხსიერებით და სიწმინდით ვდგავართ და რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.
Front News საქართველოს დამფუძნებელი
თაგები:
ლიანა მიქაშავიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს